მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების საჭიროებას - მასწავლებელი კი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე
12-11-2022

თითოეული მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით განსხვავებულია.

სწავლა-სწავლების დროს ყველა მოსწავლის ინდივიდუალურობა უნდა იყოს გათვალისწინებული. მარტივი არაა, თუმცა მასწავლებელმა სასწავლო გარემო თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს უნდა მოარგოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.

მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს სასწავლო მასალა ეტაპობრივად და მრავალმხრივად უნდა მიწოდებოდეს, საკითხები საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში უნდა განიხილებოდეს.

მოსწავლეთა მოტივაცია პირდაპირ უკავშირდება მათ სასწავლო შედეგებს. მოსწავლეებს, რომლებსაც თავად სურთ ამა თუ იმ საკითხის შესწავლა უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ვალდებულებით სწავლობენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ სკოლა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე უნდა ზრუნავდეს, დავალებები კი მასწავლებელმა ისე უნდა შეარჩიოს, რომ მოსწავლე თავად აცნობიერებდეს მის საჭიროებას.

„სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის“, - წერია დოკუმენტში.

მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს სასწავლო პროცესში მათი თანაბარი ჩართულობაც. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების მიღების პროცესში, ასევე საშუალება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203