საჯარო სკოლებში ახალი პროექტი დაინერგება - დეტალები
31-10-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით ევროპის საბჭო საჯარო სკოლებში პროექტს სახელწოდებით – „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია, სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გზით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება და  სამოქალაქო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ჰაიდი გრაუსთან და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვასთან ერთად, გახსნა.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღირსეული ახალი თაობისა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების აღზრდის საქმეში სკოლის როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ დემოკრატიის საფუძვლები, რათა შემდგომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლონ, სკოლებში მიღებული ცოდნის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სკოლებში 2022 წლიდან ხორციელდება. პროექტი მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებას გულისხმობს, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მთავარი კონცეფციები და საქართველოში კომპეტენციებზე დაფუძნებული მოქალაქეობრივი განათლების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. დასასრულს კი, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში“ შედეგების პრეზენტაციაც გაიმართა. კვლევის ანგარიშში სასკოლო ცხოვრების ის ასპექტები გაანალიზდა, რომელთაც გავლენა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში მოსწავლეთა ჩართულობაზე.

პროექტის წარდგენის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, განათლების ექსპერტებმა, რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა, სამთავრობო, საერთაშორისო და ადილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203