„თუ უცნობი ხელს გკიდებს, იწყებ ღრიალს - დარეკეთ პოლიციაში! მე ამას არ ვიცნობ!“ - რა უნდა ვასწავლოთ, სკოლისა და ბაღის მოსწავლეებს უსაფრთხოებისთვის 
31-10-2022
სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვბმა საკუთარი უსაფრთოებისთვის გარკვეული ინფორმაცია უნდა იცოდნენ. ბოლო პერიოში საზოგადოებაში არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, როცა უცხო პირები ცდილობენ მოსწავლეები სხვადასხვა მიზეზით მიიტყუონ, ჩასვან მანქანაში და ა.შ. სოციალურ ქსელში ნინო ლომიძე არცელდებებს ორგანიზაცია Healthwise-ის გაიდლაინს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ბავშვებს ასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი უცნობი ადამიანებისგან.

„რა უნდა იცოდეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვმა აუცილებლად!

საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ბავშვმა უნდა იცოდეს:

მშობლების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი ( ერთის მაინც), საკუთარი მისამართი, 112 - ნომერი და მარტივი ინსტრუქცია - როდის დარეკოს, რა თქვას.

ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის უცხო/უცნობი - უცხო და უცნობია ყველა, ვინც ბავშვს არასდროს უნახავს, ვისთანაც არ ულაპარაკია, ვისი სახელიც არ იცის.

უცნობმა შეიძლება მიმართოს მას სახელით, იცოდეს მშობლების სახელები, ჰგავდეს ვინმე ნაცნობს - ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ის არ არის ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი და თუ ბავშვი პირველად ხედავს მას, ის არის უცნობი ადამიანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ:

არ გამოეპასუხოს უცნობს!

არ გაუბას საუბარი!

არ გაჰყვეს არსად და არასდროს - მიუხედავად იმისა, რას სთავაზობს უცხო ადამიანი მას.

ეს შეიძლება იყოს დახმარების თხოვნა (უფროსი არასდროს არ უნდა სთხოვდეს დახმარებას ბავშვს და ეს მან უნდა იცოდეს!), საყვარელი ლეკვების ჩვენება, ტკბილეული....ბავშვმა მტკიცედ უნდა იცოდეს:

არ გაჰყვეს უცნობს არსად, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას მისკენ და მასთან ერთად!

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის უზრდელობა, თუ უცნობს არ დაელაპარაკება.

ასწავლეთ - ნუ გამოელაპარაკები უცნობს! არ აქვს მნიშვნელობა, რას გეუბნება ის. არ გამოელაპარაკო! ეს არ არის უზრდელობა.

დაისწავლოს და თქვას ხმამაღლა: მე არ ველაპარაკები უცნობებს!

თუ უცნობი გააგრძელებს მასთან საუბარს, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს - თუ უცნობი თან ესაუბრება და თან ეხება ან ცდილობს, თავისი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვი, მან უნდა იყვიროს, იღრიალოს, იქნიოს ხელები, თითქოს ფრთებია (ასე რთულია ჩაჭიდება და მოხელთება), მან უნდა იყვიროს - დარეკეთ პოლიციაში! მე ამ ადამიანს არ ვიცნობ!

რაც შეიძლება ხმამაღლა ღრიალი!

ასწავლეთ - სკოლასთან, ბაღთან ან ეზოში თუ მოვიდა ვინმე, ვისაც არ იცნობ, თუ გეკითხება სახელს, გვარს, სად არიან მშობლები ან სვამს ნებისმიერ სხვა კითხვას. თუ გთავაზობს ნებისმიერ რამეს, შენი პასუხია - უცნობებს არ ველაპარაკები!

თუ უცნობი კვლავ აგრძელებს შენთან საუბარს, ეძებ ნაცნობს - მასწავლებელს, კლასელის მშობელს, მეზობელს და მირბიხარ მასთან.

თუ ირგვლივ არავინაა ასეთი და უცნობი მაინც არ გშორდება, შედიხარ სკოლაში/ბაღში.

თუ უცნობი ხელს გკიდებს, იწყებ ღრიალს და ხელების ქნევას, თითქოს ფრთებია. ღრიალებ: დარეკეთ პოლიციაში! მე ამას არ ვიცნობ!

არასდროს არავის არ მიჰყვები მანქანასთან! მანქანაში უჯდები მხოლოდ დედას, მამას, ბებოს, ბაბუს (კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში!)

ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს არ აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული.

არ არის უზრდელობა ამის თქმა: უცნობებისგან არაფერს არ ვიღებ. არ ავიღებ თქვენს შოკოლადს!

ამ წესების დასწავლა სასურველია თამაშებისა და როლური აქტივობების გამოყენებით. არ დაზაფროთ ბავშვები და ზედმეტად ნუ დააშინებთ მათ. ნუ დასტრესავთ საკუთარი შეშფოთებითა და დიდაქტიკური ტონით. მოიფიქრეთ თამაშების სცენარები და გაიარეთ ეს საკითხები თამაშ-თამაშ.

არასდროს ახსენოთ „გუდიანი კაცები“ და მსგავსი არარეალური პერსონაჟები. გამტაცებლები ცდილობენ ნდობის მოპოვებას და კარგადაც გამოსდით ეს. ბავშვები ენდობიან მათ! ისინი არ გამოიყურებიან, როგორც ბოროტმოქმედები, „გუდიანი კაცები“, „ბუები“. უცნობი ადამიანი - საკმარისი დეფინიციაა. ბავშვი უნდა იყოს ფრთხილად უცნობთან!

უსაფრთხოების წესების დასწავლა საბავშვო ბაღებსა და კოლების დაწყებით საფეხურზე უნდა იყოს სავალდებულო!

სასწრაფოდ მოჰყვეს რეაგირება ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებს.

სპეციალისტების მხრიდან შემუშავდეს და დაიგზავნოს სახელმძღვანელო წესები სკოლებსა და ბაღებში.

პატრულის თანამშრომლებმა/მოხალისე მშობლებმა იმორიგეონ სკოლებთან“.

იხილეთ: 
 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203