რეფლექსია და მტკიცებულებები პედაგოგების პორტფოლიოში
06-11-2022

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლის სახლთან ერთად პედაგოგთა სტატუსის ამაღლებისთვის სავალდებულო აქტივობების ნუსხა შეიმუშავა. უწყებამ მასწავლებლებს აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გაუგზავნა და პედაგოგების უკუკავშირითაც დაინტერესდა.

სკოლებს შეუძლიათ, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, სამინისტროს რეკომენდაციები გაუგზავნონ, თუ რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან და რას შეცვლიდნენ.

დოკუმენტის თანახმად, პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის  რეფლექსიის საფუძველზე შეფასდება. აღნიშნულ მტკიცებულებები და რეფლექსია მასწავლებელმა პორტფოლიოში უნდა ასახოს.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს   შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  • სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  • განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  • საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. აქვე განმარტებულია, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელმა საკუთარი საქმიანობა უნდა წარმოაჩინოს. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203