KIU-ს სტუდენტების დაარსებულმა სტარტაპმა CARTUNE-მა მთავარი საპრიზო ადგილი მოიპოვა
03-11-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა start-up “ქართუნმა”, თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ის მიერ ორგანიზებულ პრე-აქსელერატორ “Startup Drive”-ში გაიმარჯვა და 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.
Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად ჩატარდა.
მაშინ, როცა ეს პროექტი დაიწყო "ქართუნ-ის” გუნდი ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო რიგ საკითხებში. თუმცა, სწორმა ნაბიჯებმა და მაღალმა ამბიციებმა მათ ამ წარმატების გზაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.
"ქართუნი" ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ავტომობილის მძღოლებს უმარტივებს შესაფერისი ავტო ხელოსნის მოძებნას. Start-up-ის შემოქმედები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის კურსის სტუდენტები და მათი მეგობრები არიან, რომლებმაც საკუთარი ცოდნითა და რესურსით ხორცი შეასხეს ერთ დღეს დაბადებულ იდეას.
გუნდი ექვსი წევრისაგან შედგება: თომა ფირცხელანი, მიხეილ თენიეშვილი, ლუკა გოგოლაძე, დავით ჯიშკარიანი, ნიკა კურტანიძე, საბა არუდაშვილი და ნუცა გაბაძე.
"ქართუნის" გუნდის მიზანია ინოვაციური იდეებისა და მზარდი განვითარების სინთეზით, კიდევ მრავალმხრივ განვითარდეს და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. “Startup Drive” პრე-აქსელერატორში გამარჯვება, დიდი წარმატებებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.