რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის, 8 წლის გიორგი გველესიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „ფერადი სამყარო“.
გიორგი რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო და უკვე ასზე მეტი ნამუშევრის ავტორია.
გასულ წელს პატარა მხატვარმა საკუთარ დაბადების დღეზე სკოლაში გამოფენა მოაწყო სახელწოდებით „პატარა თითებით დავხატავ სამყაროს,“ სადაც 2016-2017 წლებში შესრულებული 45 ნახატი გაიტანა.
წელს რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პატარა რუსთაველმა ხელოვანმა 67 ნახატი წარმოადგინა. ნამუშევრები ძირითადად გუაშისა და ზეთის საღებავებითაა შესრულებული.
გამოფენის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გიორგისნაირი შემოქმედი ბავშვების ხელშეწყობა და ნიჭის განვითარება ნებისმიერი სკოლის პრიორიტეტი უნდა იყოს. მთელი სკოლა ულოცავს პატარა შემოქმედს პირველ ნაბიჯებს მხატვრობის გასაოცარ სამყაროში და უსურვებს არასოდეს დაშრეტოდეს ხატვის სურვილი და ენერგია,“ - აცხადებს რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე.
იხილეთ ფოტოები