ტყემლანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღის წარმოშობის ისტორიაზე ისაუბრეს
13-04-2018
ტყემლანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას, დედა ენაზე დაწერილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებელს ვიდეო რგოლებიც უჩვენეს, სადაც ქართული ანბანისა და დედაენის დღის წარმოშობის ისტორია იყო მოთხრობილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა მიმართა და დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე დირექტორმა მადლობა გადაუხადა მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ ღონისძიებას.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.