თისელის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
13-04-2018
თისელის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული თემატიკის სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებამდე მასწავლებელი აღსაზრდელებს დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.