„მოსწავლესთან დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“-დირექტორები ურჩი მოსწავლეების შესახებ საუბრობენ
04-11-2022
თითქმის ყველა სკოლაში მოიძებნება ისეთი, ბავშვი, რომელსაც შესაძლოა - „ურჩი“ ვუწოდოთ. თუმცა, როგორი ქცევის ბავშვი შეიძლება მოვიაზროთ „ურჩად“ , რა საკვირველია, თავად ადამიანების აღქმაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ასეთ მოზარდებტან ურთიერთობა პედაგოგებისთვის ცალკე გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, etaloni.ge-მ საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა კითხვით და სთხოვა, საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ - როგორ მოსწავლეებს უწოდებენ ისინი - „ურჩს“ და როგორია მათი მიდგომა.

ლუიზა ფარტენაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლის ვფიქრობ, ურჩი ბავშვი არ არსებობს. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და თავისებურებებიდან გამომდინარე თავისებური მიდგომა სჭირდება. ეს მისი დამახასიათებელი ნიშანია, ამიტომ, შესაბამისად უნდა მივუდგეთ. პირადად მე ვცდილობ ისე დავგეგმო გაკვეთილები, რომ ბავშვი დავაინტერესო. ყოველთვის ამის გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ასე მოქცევას ვცდილობ. შესაბამისი აქტივობებით შესაძლებელია ბავშვი გაკვეთილზე გისმენდეს. ურჩად შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვი, რომელსაც გაკვეთილზე ჯდომის ნებისყოფა არ ჰქონდეს და არ გისმენდეს.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა, კლასში თითო ან ორ-ორი მოსწავლე გვყავს და აქედან გამომდინარე, სიურჩესთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს. რა თქმა უნდა ზოგჯერ არის ხმაური, მაგრამ ისეთი რამ მოხდეს, რამაც საგაკვეთილო პროცესი შეაფერხოს, ეს გამორიცხულია. რაიმე სირთულის წარმოშობის შემთხვევაში მეც და ჩემს პედაგოგებსაც ჰუმანური მიდგომები გვაქვს. ვფიქრობ, ურთიერთთანამშრომლობით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია. ჩვენს სკოლაში თითოეული მასწავლებელი მოსწავლეზეა ორიენტირებული.

ხათუნა თურმანიძე, ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და აქედან გამომდინარე, უიშვიათესი შემთხვევაა ურჩი მოსწავლე გვყავდეს. არსებობის შემთხვევაში კი პირველ რიგში დამრიგებლები ესაუბრებიან ბავშვებს და სხვადასხვა მეთოდებით პოულობენ გზას, რითიც შეიძლება მოსწავლეს მიუდგნენ. ყოველთვის გამოინახება შესაძლებლობა, რომ საგაკვეთილო პროცესსა თუ რამეს სხვას პრობლემა არ შეექმნას. პირადად ჩემთვის ურჩ ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს ის ვინც საგაკვეთილო პროცესს არ ემორჩილება, უარს აცხადებს გაკვეთილისა და დავალების დაწერაზე. სიმართლე, რომ ვთქვა მოსწავლეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე ასეთი სიტუაცია და პრობლემები ჩვენს სკოლაში არ ყოფილა.

ზურაბ ნაგერვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლესთან დიალოგს. იმიტომ გვქვია პედაგოგი და იმიტომ გავიარეთ პედაგოგიკა, რომ პრობლემები დიალოგის გზით გადავჭრათ. ვფიქრობ, მოსწავლესთან რაც შეიძლება ბევრი უნდა ვისაუბროთ, ავუხსნათ თუ რას ნიშნავს სწორი მიმართულება და სწავლა. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს, მარტო სკოლა ვერ გაწვდება და პროცესებში ოჯახის ჩართულობა აუცილებელია. ბავშვს სახლშიც უნდა ჰქონდეს ის წესრიგი და რეჟიმი, რაც მოსწავლისთვის აუცილებელია. ხშირად ურჩი და ცუდი ყოფა-ქცევის ბავშვის ცნება ერევათ. ურჩად შეიძლება ჩაითვალოს ის ვინც, მაგალითად სასკოლო წესებს არ ემორჩილება, მოუსვენარია გაკვეთილზე და ასე ვთქვათ სასკოლო წესრიგს არღვევს. 

მურმან ზაქარაძე, თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად ჩემთვის ურჩად შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვი, რომელიც არ ისმენს გაკვეთილს და შეგნებულად აფერხებს სასწავლო პროცესს. ასეთ შემთხვევაში პირადად მე მათ ვესაუბრები და ვუხსნი, რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევაში მშობლებს, პედაგოგებს ვესაუბრები, თუ როგორ შეიძლება დავაინტერესოთ და იქით წავიყვანოთ, რომ ბავშვი სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთოს. საჭიროა საქმე ისე მოვაგვაროთ, რომ თავად ბავშვმა გაიგოს რატომ არ უნდა იურჩოს.

ტანია სვიანაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ურჩ ბავშვთან ურთიერთობისას აუცილებლად ვცდილობ, რაღაც ისეთი შევთავაზოთ, რომ მასში ინტერესი გავაღვივო. ვფიქრობ, ურთიერთპატივისცემაა ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ბავშვს, უყვარხარ და პატივს გცემს, ის არ მოიქცევა არასწორად. ამისთვის კი აუცილებლად შენი მხრიდანაც ანალოგიური დამოკიდებულება უნდა იგრძნოს. ჩემი პრაქტიკიდან შეიძლება შემდეგი გავიხსენო - რაღაც დაზიანდა სკოლაში, დაველაპარაკე ბავშვს, თავიდან უარყო თუმცა, ვუთხარი რომ უნდა გაგვერკვია მართლა მისი მიზეზით დაზიანდა თუ არა. საბოლოოდ თავადვე შეაკეთა დაზიანებული, არ დაგვისჯია, მაგრამ მივახვედრეთ საუბრებით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ურჩი ბავშვი არ არსებობს, ყველა მოსწავლესთან ნახავს პედაგოგი საერთო ენას, თუ ამის სურვილი ექნება.

მურმან კონცელიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ურჩი ბავშვი არ არსებობს. ყველა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. გულთბილი დამოკიდებულებით შეიძლება დააყენო სწორ გზაზე თუმცა ჩემს პრაქტიკაში მსგავსი სირთულის მოსწავლე არ მყოლია. სკოლის ერთ-ერთი ფუნქცია ბავშვის აღმზრდელობითი დანიშნულებაა და თუ სწორად მიგყავს პირველი კლასიდან ეს პროცესი, არა მგონია ურჩი ბავშვის სტატუსი მივიღოთ.   

პაატა აბაშიძე, შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, სადღაც 64 მოსწავლე გვყავს. ყველა სკოლაში მეტ-ნაკლებად არიან ურჩი ბავშვები. ჩვენს შემთხვევაში აუცილებლად დამრიგებლის მეშვეობით მშობელს ვრთავთ საქმეში და მაქსიმალურად ვცდილობთ გავუგოთ და ბავშვს გვერდში დგომა ვაჩვენოთ. ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც გამოსასწორებლად ერთ დღე არ ეყოფა და გარკვეული პერიოდია საჭირო. ჩემთვის პირადად აუცილებელია ჯერ ბავშვის სიურჩის მიზეზი გამოვიკვლიოთ. შესაძლოა მას სკოლამდე ან სკოლაში რაღაც დააკლდა, თავისი ურჩობით მიაღწია რაიმეს და ახლა ხსნას მხოლოდ მსგავს ქცევაში ხედავს. ურჩი ბავშვი არ იბადება, მას გარემო პირობები აყალიბებს ასეთად და აქედან გამომდინარე, ჯერ ამ მიზეზების გაგებაა საჭირო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203