აქცენტი მასწავლებლების მხარდაჭერაზე გაკეთდება - დოკუმენტი
07-11-2022

საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2030 დამტკიცდა, სადაც საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მოსწავლეებისა და პედაგოგების ხელშეწყობაზეც.

დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ამოცანაა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები.

მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს სოციალური და ემოციური გარემოს გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოს განათლების ყველა დონეზე მსწავლელთა ჰოლისტური განვითარება. კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების ფონზე გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება გამოიკვეთა სასკოლო კლიმატისა და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდამდე სკოლებში მოსწავლეთა მეოთხედი ბულინგის მსხვერპლი იყო, სასკოლო გარემოსთან ინტეგრირებულად კი თავს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარი (56%) გრძნობდა (OECD, 2019). 

მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემის მოდიფიცირებას მომსახურების ხარისხისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. ასევე გააძლიერებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომავალი მასწავლებლის მოსამზადებელი პედაგოგიური მომზადების სისტემის მოდერნიზება, ასევე კადრების მოზიდვა და შენარჩუნება.

უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და ინკლუზიური ფიზიკური და ციფრული სასწავლო გარემო და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისები ბავშვებისთვის, მათ შორის, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისთვის. საჯარო სკოლებში დაინერგება სასკოლო მედიაციის პროგრამა. სკოლები მიიღებენ დამატებით მხარდაჭერას კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში. 

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება მასწავლებლების მხარდაჭერაზე იმ კომპეტენციების განსავითარებლად, რომლებიც მათ სწავლა-სწავლების პროცესში დიფერენცირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში დაეხმარება“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203