2023 წლის ტესტში გაიზარდა დავალებების რაოდენობა და უკვე ტესტში ვიხილავთ 41 ამოცანას, საიდანაც 37 იქნება არჩევითპასუხიანი, 2 სამქულიანი და 2 ოთხქულიანი.
ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტს კვლავ 3 საათი ექნება. ზღვრული ქულაც არ შეცვლილა და აპლიკანტს ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, რაც 10.2 ქულაა.
„ცალსახად გაგვიჭირდება იმის თქმა, ამით უფრო გამარტივდა თუ გართულდა ტესტის სტრუქტურა. წინა წელთან შედარებით ამოღებულია 2-ქულიანი დავალებები, რომლის ამოხსნაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. როგორც წესი, ამ დავალებებში გვხვდებოდა სისტემა და მარტივი ალგებრული ამოცანა. ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები კარგად ართმევდნენ თავს ამ დავალებების შესრულებას.
წლევანდელ ტესტში არჩევითპასუხიანი დავალებები 10-ით გაიზარდა და 27-ის ნაცვლად 37 ტესტური დავალება შეხვდებათ აპლიკანტებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი შანსი ექნებათ ქულა აიღონ ისეთი დავალებებიდან, რომლის ამოხსნაც არ იციან.
ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები მათთვის უფრო სასიკეთო იქნება, ვისი მიზანიც ზღვრული ქულის აღებაა. ხოლო ვინც მაქსიმალურ ქულას უმიზნებს, შესაძლოა 1-ქულიანმა ტესტებმა გარკვეული დაბრკოლება შეუქმნას, რადგან ამ დავალებებში, განსაკუთრებით კი ბოლო 1-ქულიანებში, საკმაოდ რთული დავალებები გვხვდება. შესაძლოა, შინაარსობრივად 3-ქულიან ღია დავალებასაც კი გაუტოლდეს. მიუხედავად ამისა, რადგან ტესტური დავალებაა, 1 ქულით ფასდება", - აღნიშნავს კონსტანტინე კვანტალიანი და აბიტურიენტებს ურჩევს საკითხები შინაარსობრივად ისწავლონ:
„აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად შინაარსობრივად ისწავლონ თითოეული თემა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციონ თეორიულ ნაწილს. ეცადეთ, რომ ერთი ამოცანა სხვადასხვა გზით ამოხსნათ. გამოცდაზე ტესტური დავალებების შესრულებისას აქტიურად გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი. შესაძლოა, ესა თუ ის ტესტი ვერ ამოხსნა, თუმცა ლოგიკური მსჯელობით მიხვიდე სწორ პასუხამდე. რაციონალურად გამოიყენეთ საგამოცდო დრო. ამოცანის პირობის წაკითხვიდან, დაახლოებით, 30-40 წამში თუ ვერ ხვდებით მისი ამოხსნის გზას, გირჩევთ, რომ გამოტოვოთ და მოგვიანებით მიუბრუნდეთ.
ტესტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ პროცენტულად უფრო მეტი აიღებს ზღვრულ ქულას წელს 2022 წელთან შედარებით.
წარმატებას გისურვებთ ამ რთულ გზაზე. შრომითა და მონდომებით ნებისმიერი შედეგის მიღწევა შესაძლებელი".
იხილეთ: უცხოური ენის მაქსიმალური ქულა 80-ის მაგივრად 70 იქნება - აბიტურიენტები „წერილს“ აღარ დაწერენ
ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო