შეღავათი, რომელიც სტატუსის ამაღლების მსურველ იმ გამოცდაჩაბარებულ მასწავლებელს ექნებათ, რომელთა პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეფასდება
21-11-2022

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარეს, თუმცა სტატუსის ასამაღლებლად ეს საკმარისი არაა.

პედაგოგებმა კარიერული წინსვლისთვის ექსპერტთა ჯგუფის წინაშე საკუთარი პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. როგორც სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტიდან ირკვევა, მასწავლებლები, განმსაზღვრელთან ერთად, განმავითარებელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი რუბრიკების გამოყენებით შეფასდებიან.

მოგეხსენებათ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები წარადგინოს. დოკუმენტები შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით უნდა ადასტურებდეს. ესენია:

  1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  3. განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  4. საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ოთხიდან თითოეული მიმართულება შეფასდება როგორც  „დამაკმაყოფილებელი“ ან „გასავითარებელი“.

სტატუსის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს „დამაკმაყოფილებელი“ დონით შეფასებული ოთხივე მიმართულება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიმე მიმართულება შეფასდა როგორც „გასავითარებელი“, ექსპერტთა ჯგუფი წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს გასცემს.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, თუმცა პორტფლიოს შეფასებისას ოთხი მიმართულებიდან თუნდაც ერთ-ერთში ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, „პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების მოთხოვნის საშუალება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს „გასავითარებელი“ სტატუსით შეფასებული მიმართულებით“. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თუ პედაგოგი ოთხივე მიმართულებით დადებითად ვერ შეფასდება, მას მომდევნო სასწავლო წელს მხოლოდ იმ მიმართულებით მოუწევს პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა და დაცვა, რომელშიც შეფასებული იყო როგორც „გასავითარებელი“ .

შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს პროფესიულ უნარებში მიღებული ქულა 3 წლის ვადით ენახებათ. სწორედ ამ პერიოდში უნდა შეძლოს მასწავლებელმა პროფესიულ საქაღალდეში პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა და ოთხივე მიმართულებით (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა) „დამაკმაყოფილებელი“ შეფასების დამსახურება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203