ეშტიის N1 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა გაიმართა
16-04-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა.
თავდაპირველად მოსწავლებმა დედა ენის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე ისაუბრეს, შემდეგ დედა ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები და იმღერეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე თეატრალური წარმოდგენა დადგეს და კალიგრაფიის გამოფენა მოაწყვეს.
ღონისძიება ვიქტორინით დასრულდა- მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.