„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, ასევე მოსახლეობის ის კატეგორიები, რომელთაც სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას 100 %-ით აუნაზღაურებს, მათ შორის კი არიან მასწავლებლებიც:
„100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:
ა.ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახის წევრები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;
ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად;
ა.დ) გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები;
ა.ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;
ა.ვ) ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.ზ) მასწავლებლები;
ა.თ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;
ა.ი) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები;
90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:
ბ.ა) საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:
გ.ა) შშმ სტატუსის მქონე პირები;
გ.ბ) სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები).
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ერთდროულად მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ სერვისის მიწოდება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული მეტი თანაგადახდის პროცენტის მქონე კატეგორიის შესაბამისად, - ნათქვამია დოკუმენტში რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.