მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საკლასო ოთახი - ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის კრეატივი
16-04-2018
ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ლიპარტელიანი მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საკლასო ოთახის მოწყობაზე თავის გამოცდილებას სხვა მასწავლებლებს უზიარებს.
„ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს. სკოლაში სწავლისათვის სათანადო გარემოს შექმნა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური გარემოს ხარისხი ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. დამოკიდებულებები მოქმედებს სწავლებასთან დაკავშირებულ ქცევაზე, ქცევა ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მიღწევაზე, აკადემიური მიღწევა კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს.
მასწავლებლის, სკოლისა და მშობელთა თანამშრომლობით შესაძლებელია საკლასო ოთახში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმაში, რომ ადვილად შეეგუონ ახალ სასკოლო გარემოს, ჩამოუყალიბდეთ სწავლისადმი პოზიტიური მიდგომა, დაძლიონ სწავლის სირთულეები და მეტი ხალისით ისწავლონ. კლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანესი პროცესია. კლასის მართვა გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისაკენ,“ - აღნიშნავს ფიქრია ლიპარტელიანი.
ფიქრია მეხუთე კლასის დამრიგებელია. მისი თქმით, ამ კლასის დამრიგებლობა რთულია, რადგან მათ ახალ სასკოლო გარემოებებთან უწევთ შეგუება და სწორედ ამიტომ მოაწყო სასკოლო სივრცე.
საკლასო ოთახში ახალი მერხები დადგეს, კედლები ფერადი ქაღალდებითა და ნახატებით მორთეს, დაამზადეს კედლის გაზეთები და სხვადასხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვეს ოთახი.
„მსგავსი გარემო ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებსაც კი გაუჩენს სწავლის სურვილს და მათი აკადემიური ხარისხიც გაიზრდება“- აღნიშნა მასწავლებელმა.
მასწავლებელმა საკლასო ოთახი სკოლის დირექტორის, ნატო ჯანხოთელის, დახმარებით მოაწყო.