მასწავლებლების მიერ ჩაბარებული საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების შედეგი უვადოა, თუმცა დირექტორობის მსურველთა სერტიფიკატს ძალა მხოლოდ 7 წელი აქვს.
ამ ეტაპზე დირექტორობის მსურველები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. მათ შორის არიან როგორც სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლები, ისე პირები, რომლებსაც, სურთ, თავი გამოსცადონ და დირექტორობის უფლება მოიპოვონ.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი ორ საფეხურიანია. პირველ ჯერზე მათ გამოცდის 60%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, შემდეგი საფეხური კი გასაუბრებაა. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები სერტიფიკატს მოიპოვებენ და მათ უფლება ექნებათ, სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე საკუთარი თავი წარადგინონ.
როგორც საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესშია აღნიშნული, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ პირი დირექტორად მუშაობას 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge
იხილეთ ასევე: სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს