სკოლებთან პოლიციის ეკიპაჟები დააყენეს? - განათლებისა და შს სამინისტროების განმარტება
14-11-2022

ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ უცხო პირები არასრულწლოვნებს სკოლებთან ხვდებიან, თანხის სანაცვლოდ ან მოტყუებით მანქანაში ჩაჯდომასა და გაყოლას სთხოვენ და ამ ეტაპზე, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქუთაისში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული.

თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ მათი დაკავების შემდეგაც, არასრულწლოვნების მოტყუებით წაყვანის ფაქტები ქუთაისის გარდა, ხაშურში, რუსთავში, თბილისში... დაფიქსირდა და ახლახან etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლებთან სწავლის დაწყებისა და დასრულების დროს პოლიციის თანამშრომლები დააყენეს.

აღნიშნულის შესახებ, არაერთმა მშობელმა მოგვაწოდა ინფორმაცია თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან და ისიც გვითხრეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც დააყენეს, ბავშვების უსაფრთხოებისთვის.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? - etaloni.ge-მ დეტალების გასარკვევად განათლების სამინისტროს, ასევე შსს-ს მიმართა.

ჩხენკელის უწყებაში გვიპასუხეს, რომ პატრულის თანამშრომლები ისედაც პერიოდულად დგანან სკოლებთან და ამაში განსაკუთრებული თუ გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება შსს-ს, როგორც განგვიმარტეს, ყველა სკოლასთან უწყების წარმომადგენლები ნამდვილად არ დაუყენებიათ, პოლიცია პერიოდულად ისეთ სკოლებთან პატრულირებს, სადაც არის ავტომობილების დიდი მოძრაობა, ქვეითთა გადასასვლელი და ამაში განსაკუთრებული ნამდვილად არაფერია. „სხვა მხრივ კი, თუ რომელიმე სკოლიდან შემოდის ინფორმაცია, მასზე რეაგირებას უდავოდ ვახდენთ“, - ასეთია ოფიციალური სტრუქტურის კომენტარი და არც ის გვიკვირს, დეტალები რომ არ გაგვანდეს, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ პოლიცია ცდილობს, სკოლებთან მეთვალყურეობა გააძლიეროს, სხვაგვარად, ათობით მშობელი, დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge-ს არ მიმართავდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203