აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2026 წლის სტრატეგიის დოკუმენტში განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და მათ შორისაა - „მასწავლებლები მაღალმთიან აჭარაში“.
დოკუმენტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) სწავლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების შერჩევა და იმ
სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.
რესურსცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში არსებული ვაკანსიების შესახებ დგინდება, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სკოლებში ამა თუ იმ საგნის მასწავლებელი საერთოდ არ არსებობს.
აქედან ამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს მასწავლებლებს, რომლებიც იმუშავებენ მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.
ირკვევა, რომ ქვეპროგრამის მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პირობები; შესაძლებელია შეირჩეს რეზერვი მასწავლებლები კონკურსის ჩატარებიდან 6 თვის ვადით, რომლებსაც ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში სამინისტრო შესთავაზებს დასაქმებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით. აღნიშნული საქმიანობისათვის ისინი მიიღებენ ანაზღაურებას 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად. ასევე, შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
ასევე, დოკუმენტით განსაზღვრულია მასწავლებელთა წახალისება და ქვეროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აჭარის საჯარო სკოლების წარმატებულ მასწავლებლებთან შეხვედრა, ასევე ერთჯერადი ფულადი ჯილდო.
საგნების გაძლიერებული სწავლება კი ითვალისწინებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში პედაგოგების სასტუმროთი და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფის მიზნით.