რა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მასწავლებელი პროფესიონალია? - პროფესიული ცოდნისა და უნარების ჩამონათვალი
23-11-2022

მასწავლებლის პროფესია შრომატევადია. პედაგოგებს მრავალმხრივი ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ. იყო კარგი მასწავლებელი და ყოველდღიურად უმკლავდებოდე გამოწვევებს, მარტივი არაა, თუმცა პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი პროფესია უყვართ, სირთულეებსაც მოტივაციით ხვდებიან.

რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი არის პროფესიონალი? რა მოეთხოვება პედაგოგს? რა პროფესიულ ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომ მისი საქმიანობა ეფექტურად ჩაითვალოს? გთავაზობთ ჩამონათვალს, რა კომპეტენციას უნდა ფლობდეს პროფესიონალი მასწავლებელი.

საუკეთესო პედაგოგი:

  • არის საგნის ექსპერტი. ფლობს უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას მოსწავლეების განვითარებისა და სწავლის თავისებურებების შესახებ (პროფესიული ცოდნა).
  • აქვს საგნის სწავლების დეტალური სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს და უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სტანდარტის წარმატებით დაძლევას (საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინება).
  • შეიმუშავებს თემატურ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოიცავს საგნობრივი სტანდარტის შესაბამის მთავარ სასწავლო მიზანს, შესაბამის სასწავლო ამოცანებს და ფარავს ბლუმის ტაქსონომიით გათვალისწინებულ უნარებს სხვადასხვა დონეზე (თემატური გეგმის შემუშავება).
  • ამზადებს დიაგნოსტიკურ, საკლასო, შუალედურ და შემაჯამებელ შეფასებებს მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგის მიზნით (შეფასების დაგეგმვა).
  • წინასწარ განჭვრეტს მოსწავლეებისთვის რთულ და დამაბნეველ საკითხებს და შეიმუშავებს მათი დაძლევისთვის საჭირო მრავალფეროვან სტრატეგიებს (სირთულეების განჭვრეტა).
  • გეგმავს თითოეულ გაკვეთილს მკაფიო, გაზომვადი და მიღწევადი მიზნებით, რომლებიც სრულად შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს და თემატურ სასწავლო გეგმას (გაკვეთილების დაგეგმვა).
  • გეგმავს რელევანტურ გაკვეთილებს, რომლებიც უპასუხებს თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს და რთავს აქტიური სწავლის პროცესში (მოსწავლეთა ჩართულობა).
  • გეგმავს გაკვეთილებს, რომლებიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის მულტიკულტურული სასწავლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას (რესურსების გამოყენება).
  • გეგმავს აქტივობებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეების სწავლის საჭიროებებს, სტილსა და ინტერესებს (სწავლის დიფერნცირება).
  • გეგმავს ოთახის განლაგებას, მასალებს, თვალსაჩინოებებს სწავლისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით (გარემოს დაგეგმვა).
  • მოლოდინები მოსწვალეების მიმართ მკაფიოდ და გასაგებად აცნობს მოსწავლეებს მათი ქცევის მიმართ მოლოდინებს. თანმიმდევრულად და მტკიცედ მოითხოვს მოსწავლეებისგან ამ მოლოდინების შესაბამის ქცევას (კლასის მართვა).
  • თითოეულ მოსწავლესთან აქვს თბილი, მზრუნველი, პატივისცემით განმსჭვალული და სამართლიანი დამოკიდებულება. ყველა მოსწავლესთან აქვს პოზიტიური ურთიერთობა (მოსწავლეებთან დამოკიდებულება).
  • ქმნის პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს კლასში, რაც სრულიად გამორიცხავს სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ დისციპლინურ დარღვევებს (ურთიერთპატივისცემის ხელშეწყობა).
  • წარმატებით ახერხებს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სოციალურ- ემოციური უნარების განვითარებას (სოციალურ-ემოციური კლიმატი).
  • სასწავლო წლის დასაწყისშივე აცნობს მოსწავლეებს საკლასო წესებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას მთელი წლის განმავლობაში (საკლასო წესები).
  • უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის რეგულირებასა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას (მოსწავლეთა პასუხისმგებლობა).
  • ოსტატურად მართავს აქტივობებს და აქტივობებს შორის გადასვლებს, უზრუნველყოფს საგაკვეთილო დროის თითოეული წუთის სწავლება- სწავლისთვის გამოყენებას (დროის მართვა).
  • გაკვეთილის მსვლელობის დროს აკონტროლებს კლასში არსებულ გარემოს და უზრუნველყოფს ნებისმიერი პრობლემის დასაწყისშივე აღკვეთას (დარღვევების პრევენცია).
  • აქვს შინაგანი მოტივაციის ამაღლების ეფექტური სისტემა, რომელსაც სრულად იზიარებენ მოსწავლეები (მოსწავლეთა წახალისება).
  • აქვს მაღალი მოლოდინები თითოეული მოსწავლის მიმართ. სჯერა, რომ ყველა მოსწავლე შეძლებს სასწავლო მასალის დაუფლებას (მაღალი მოლოდინები).
  • მოსწავლეებს არწმუნებს, რომ ყველას აქვს განვითარებისა და გაუმჯობესების პოტენციალი: „ისწავლეთ თქვენი შეცდომებიდან, არ დაიშუროთ ძალისხმევა და აუცილებლად მიაღწევთ მაღალ შედეგებს“ (უნარიანობა თუ ძალისხმევა).
  • მოსწავლეებს ზუსტად აცნობს სასწავლო მიზნებსა და მოლოდინებს მთავარი საძიებო შეკითხვების, მიზნების, რუბრიკების, სანიმუშო ნამუშევრების გაზიარებითა და კლასში გამოკვრით. თითქმის ყველა მოსწავლეს შეუძლია ამ მიზნებისა და მოლოდინების შესახებ საუბარი (სასწავლო მიზნების გაცნობა).
  • უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სასწავლო თემითა და გაკვეთილით დაინტერესებას წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურებით, სასწავლო მასალასთან დაკავშირებით (კავშირების დამყარება).
  • სასწავლო მასალას წარადგენს მკაფიოდ, ნათლად, კარგად შერჩეული მაგალითების გამოყენებით (მასალის წარდგენა).
  • იყენებს მრავალფეროვან, მიზნობრივად შერჩეულ ეფექტურ სტრატეგიებს, შეკითხვებს, მასალებს, ტექნოლოგიებსა და დაჯგუფების მეთოდებს მოსწავლეთა სწავლის პროცესის სრულყოფის მიზნით (მეთოდების გამოყენება).
  • უზრუნველყოფს თითქმის ყველა მოსწავლის ჩართულობას ფოკუსირებულ აქტივობებში, აქტიური და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესში (მოსწავლეთა ჩართულობა).
  • იყენებს დიფერენცირების, თანატოლთა ურთიერთსწავლებას თითოეული მოსწავლის მიერ სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევის მიზნით (სწავლების დიფერენცირება).
  • ყოველთვის ეხმარება მოსწავლეებს შესწავლილი საკითხის შეჯამებასა და გათავისებაში, რეალურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებსა თუ განსხვავებულ კონტექსტში გამოყენებაში (სწავლის შეჯამება).
  • მოსწავლეებს რეგულარულად აცნობს კარგი ნამუშევრების კრიტერიუმებს, შეფასების რუბრიკებს და სხვადასხვა დონეზე შესრულებულ ნამუშევრებს (შეფასების კრიტერიუმები).
  • ხშირად გამოფენს მოსწავლეების ნამუშევრებს შეფასების რუბრიკებთან ერთად მათი მოტივირების, პროგრესისა და ძალისხმევის აღიარების მიზნით (მიღწევების აღიარება).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203