ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
17-04-2018
ჯვარას საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის მარიამ პაკელიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენილი იყო როგორც ნახატები, ასევე მუყაოსგან, ფერადი ძაფებისა და მძივებისგან გაკეთებული სამაჯურები, ყელსაბამები და სხვა ნამუშევრები.
გამოფენა დაათვალიერეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა. დამთვალიერებლებმა მადლობა გადაუხადეს ნამუშევრების ავტორს და მომავალში წარმატება უსურვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამი პატარაობიდანვე არის დაინტერესებული ხატვით, ქსოვით, ქარგვით.
„მარიამი ირჩევს გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად, შეუძლია თავისუფლად ისაუბროს იმ ემოციაზე, მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებზე რისი გადმოცემაც სურდა ნამუშევრის შესრულებისას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მარიამს მიღებული აქვს მონაწილეობა თეთრიწყაროში ჩატარებულ მხატვრული კითხვის კონკურსში, სადაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გზას დავულოცავთ ამ ნიჭიერ და მონდომებულ მოსწავლეს და ვუსურვებთ თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.