პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მთავრობას სასამართლოში უჩივლა
24-11-2022

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს „განათლების დამცველთა ასოციაციამ“ და მაკა გიორგაძემ, საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ „გამოცდაჩაუბარებელი“ პრაქტიკოსი პედაგოგის ადგილას გამოაცხადა კონკურსი და ახალი კადრის მიღების შემთხვევაში „გამოცდაჩაუბარებელ“ მასწავლებლებს (მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების სადავო ჩანაწერი არ ითვალისწინებს „გამოცდაჩაუბარებელ“ პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. მათი მტკიცებით, სადავო მუხლის საფუძველზე, დასაქმებულ პედაგოგებსა და, მათ შორის, მაკა გიორგაძეს დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, უპირველესად, შრომის თავისუფლება, თანასწორობის უფლება, პირის თავისუფლების უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და ადამიანის ის ძირითადი უფლებები, რომლის შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ნორმის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ასევე, შეილახა პედაგოგთა ღირსება.

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა არსებითად ეწინააღმდეგება სქემის მიხედვით თავიდანვე განსაზღვრულ ამოცანას, მიზანსა და სქემის არსს. ჩანაწერმა გამოიწვია არა დადგენილებით თავდაპირველად განსაზღვრული მასწავლებელთა სისტემური პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა, პროფესიის პრესტიჟის ზრდა და არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ზრდა, არამედ სკოლის სისტემიდან პრაქტიკოსი მასწავლებლის მთლიანად „განდევნა“, თან ისე თვითნებურად, რომ პედაგოგს აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, სამუდამოდ წაართვა ერთადერთი პროფესია და დაუკარგა თავისი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა. სქემა არ განსაზღვრავს, როგორ შეძლებს „გამოცდაჩაუბარებელი“ პრაქტიკოსი პედაგოგი კვლავ სკოლაში დაბრუნებას. ფაქტობრივად, ეს შეუძლებელიც არის, ვინაიდან სკოლის ადმინისტრაცია, სადავო ნორმის საფუძველზე, ასაქმებს ახალ კადრს, რომელიც იკავებს „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგის ადგილს. ყურადსაღებია მუხლის მოქმედების სამართლებრივი შედეგი რაიონებში, სადაც სულ რამდენიმე სკოლაა და „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგი სამუდამოდ ემშვიდობება თავის სამსახურს. ვინაიდან მომავალში გამოცდის ჩაბარებით პედაგოგი ვერ შეძლებს კვლავ იმავე სკოლაში დასაქმებას, რაიონებში სკოლების სიმცირის გამო, პედაგოგი ფაქტობრივად კარგავს სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომით მინიჭებულ პროფესიას, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული/აკრედიტირებული უნივერსიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლის მიმართ კანონიერი ნდობა აქვს თითოეულ პირს. აქედან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ იწვევს პედაგოგებისათვის პროფესიის ჩამორთმევას, მათ არ შეუძლიათ სცადონ ბედი სხვა დასაქმების ადგილას, ვინაიდან პედაგოგის დასაქმების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სკოლაა.

მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ გათავისუფლებულ პედაგოგთა ასაკზე. ისინი არიან 38 წლიდან 55 წლამდე პირები, რომლებიც ფაქტობრივად დარჩნენ ყოველგვარი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი აღნიშნულ სარჩელზე გახლდათ შემდეგი: კანონმდებლობის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელის პრობლემა მომდინარეობს არა უშუალოდ სადავო ნორმიდან, რომელიც ადგენს მხოლოდ შესაბამის ვადებში კონკურსის გამოცხადებისთვის სკოლის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და ამ შემთხვევაში სადავო ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა, არამედ მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის ჩანაწერიდან, რომელშიც უშუალოდ შესაძლოა იკითხებოდეს უფლებაშემზღუდველი ნორმატიული შინაარსი. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. საფუძვლები, რომლებსაც მოსარჩელე მხარე მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდველად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, დადგენილია სწორედ ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი აქტით. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ზემდგომი ნორმატიული აქტი. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია (იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული არ არის აღნიშნული ზემდგომი აქტის ნორმა) იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა მარტოოდენ კანონქვემდებარე აქტის შეფასებით.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1685 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „განათლების დამცველთა ასოციაცია“ და მაკა გიორგაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“ - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203