პუბლიცისტური წერილი თემაზე
,,ჩვენი სარკმლიდან დანახული იაკობი და ,,დედა ენა“
მიძღვნილი იაკობ გოგებაშვილის დაბადების 176-ე და
,,დედა ენის“ 140-ე წლისთავისადმი.
,,აი ია“, ეს ჯადოსნური ფრაზა, ყველაზე ძლევამოსილი სიტყვებია ქართული ცნობიერების იტორიაში. იგი მზეგრძელობა და დღეგრძელობაა საქართველოსა და ქართველი ხალხის მაჯისცემისა. ,,აი ია“ უტკბესი ჰანგი და მუსიკაა ჩვენი გულებისა. იგი ქართველთა ცხოვრების საუნჯის, ქართველთა ამაყი, კაცთმოყვარე და ზვაიდი ბუნების საიდუმლო გასაღებია.
ის, იმ დიდი ცხოვრების გასაღებია, რომლის გაცნობასაც უფლის ბოძებული ,,დედა ენით“ ვიწყებთ.
რომ არა ,,დედა ენა“, ვინ ვიქნებოდით? გარდა ,,ვეფხისტყაოსნისა“, კიდევ რა გვექნებოდა ქართველ ერს მასზე უფრო ღირებული? და საერთოდ, იარსებებდა კი ეს ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“? მაგრამ უფალმა არ გაგვწირა, ქართულ გენს მხსნელად თავად გენია, სახელად ,,ძია იაკობი“, მოგვივლინა.
გერმანელი ქართველოლოგი, ვინფრიდ ბოედერიც ამასვე ამბობს: ,,იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო იმ გაგებით, რომ ზუსტ დროს იპოვა სწორი სიტყვა - ,,დედა ენა“ - ქართული ენის დაცვამ იმ დროს მოითხოვა ასეთი ემოციური ცნება“.
იაკობ გოგებაშვილი მუდამ იდგა ერის სიწმინდის სადარაჯოზე. მისი ,,დედა ენა“ და ,,ბუნების კარი“, მძიმე წლებში, ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა. დიახ, რასაკვირველია! რომ არა ის რუდუნებით, უდიდესი სინატიფით მძივად აკინძული ჩვენი საუნჯე, როგორ გაუძლებდნენ სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები იმ გაუსაძლის მშობლიურ ტკივილებს? იგი ხომ ყველა ქართველის გულის სიფაქიზე, მალამო და სულის სიმშვიდეა.
იგი ხომ ყველაფერში არსებობს, რასაც ვუცქერთ: მზეში, ცაში, ფოთოლში, ჭიკჭკა მერცხალშიც კი.
რა დამავიწყებს იმ ბედნიერ წუთებს, როდესაც პირველად გადავშალე ,,დედა ენა“ და... უცებ აღმოვჩნდი საოცრებათა სამყაროში. მე თავად პაწაწინას, პრველ კლასელს, ჩემზე უფრო პაწაწინა გოგო-ბიჭი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით შემომეგებნენ, გამომიწოდეს ლურჯთვალა ყვავილი, მიხმეს თავიანთ ზღაპრულ სამყაროში და ტკბილხმოვანებით გამაცნეს: ,,აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“.
და მართლაც, ის ,,ახალი და ფერადი“ სამყარო, რომელმაც მშობლიური სიყვარულით ჩამიკრა გულში, მუდამ მანათობელ, ჩაუქრობელ პატრუქად იქცა ჩემი მომავალი საინტერესო და ლამაზი ცხოვრების გზაზე.
ჩვენი ,,დედა ენა“ გვაძლიერებს, გვმატებს ძალას და გვასწავლის ღირსეულ გამარჯვებას. თავად იაკობი ამბობს: ,,მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა და განთლება“. ეროვნული მნიშვნელობით ,,დედა ენას“ ,,ვეფხისტყაოსანს“ უტოლებენ და მის გვერდით აყენებენ.
თუ კი მანამდე ქართველი კაცი მტერსა და დუშმანს ,,ვეფხისტყაოსნით“ იგერიებდა, ამიერიდან იგი უკვე დედაენით იცავს ქართველობას. სწორედ იაკობ გოგებაშვილი იყო ის მოღვაწე, რომელმაც დააყენა საკითხი, საქართველოს ყველა სასწავლებელში საღმრთო სჯული მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ.
ჩემი სიხარული სულის საზღვრებს სცდება, რადგან ვარ იმ ,,დედა ენის“ პირმშო, რომლის ავტორმაც, იაკობ გოგებაშვილმა, მასწავლა სამშობლოს სიყავრული და კაცთმოყვარეობა.
მეგაზაფხულება ჩემი ,,დედა ენა“, რომელიც გაზაფხულის სურნელივით საამო და დღმდე სიცოცხლით სავსეა.
მეამაყება ჩემი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც 1983 წელს ქართველმა ერმა ,,დედ ენას“ ძეგლი დაუდგა შესანიშნავი წართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, ხელით.
ავტორი: სკოლა ,,მზექას“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თინათინ კვიჟინაძე.