რა ინფორმაციას ხედავს კლასის დამრიგებელი ელექტრონულ ჟურნალში და რა მოვალეობები აკისრია მას
28-11-2022
ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ყველა მასწავლებელს არ შეუძლია. მაგალითად. პედაგოგებს იმ საგნის ქულების ნახვა შეუძლიათ, რომელსაც თავად ასწავლიან, თუმცა დამრიგებლების შემთხვევაში ეს წესი განსხვავებულია.
დამრიგებელს აქვს წვდომა მისი სადამრიგებლო კლასის ყველა საგნისა და მოსწავლის შეფასებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციაზე, ასევე ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც მის კლასთან არის დაკავშირებული.
ამასთან, გთავაზობთ რომ მოვალეობების ჩამონათვალს, რომელიც დამრიგებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აკისრიათ მოსწავლეთა და მშობელეთა წინაშე.
დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება
ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
თ) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
5. რეკომენდებულია, საჯარო სკოლის დამრიგებელი გაეცნოს სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.