მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური მასწავლებლებისთვის რეგიონული სასწავლო ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში პედაგოგები ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტებს გაეცნენ, რომლებიც საქართველოში ინკლუზიურ განათლებას არეგულირებენ. გარდა ამისა, ტურის მონაწილე მასწავლებლებმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების ყველა აუცილებელი პრინციპი განიხილეს.
„სასწავლო ტურის მიზანია რეგიონებში მომუშავე ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა. მსგავსი ტური ცენტრის მიერ ჩატარდა 2016-2019 წლებშიც და მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სასწავლო ტურში ჩაერთო 29 მასწავლებელი სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი თბილისის 9 სკოლაში იყვნენ გადანაწილებულნი და ადგილზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათი კოლეგების გამოცდილებისა და თბილისის სკოლებში არსებული მიდგომების შესახებ. ასევე სპეციალისტების დახმარებით დეტალურად გაეცნენ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებენ ინკლუზიურ განათლებას საქართველოში.
ტურის მონაწილე მასწავლებლებმა განიხილეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების ყველა აუცილებელი პრინციპი, რაც მათ დაეხმარებათ სსსმ მოსწავლის საჭიროებების და უნარების შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების შემუშავებაში.
სკოლებში ვიზიტის შემდეგ, სასწავლო ტურის ფარგლებში, ერთი კვირის მანძილზე იმართებოდა სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებასა და მიღებულ ცოდნას. რეგიონული ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს გადაეცათ ტურის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და საჩუქრები“, - წერია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.