გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს.
ღონისძიებაში V, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ორ ნაწილად გაიყო - I ნაწილი ჩატარდა სკოლის მცირე დარბაზში, II ნაწილი კი - სკოლის ეზოში არსებულ დედა ენის ბაღში.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კათედრის გამგე თამილა ძნელაძე ხელმძღვანელობდა, მხატვრულად კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ბერძენიშვილმა გააფორმა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
„მოსწავლეებმა მშობლიური ენის სახელოვან წარსულზე ისაუბრეს, ქართული ენის შესახებ ქართველ მწერალთა რომანებიდან და მოთხრობებიდან (კ. გამსახურდია - „მთვარის მოტაცება“, „დიონისოს ღიმილი“) ნაწყვეტები წარმოთქვეს. საუკეთესო დეკლამატორებმა მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძის და ირაკლი აბაშიძის ლექსები წაიკითხეს. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის შესახებ უცხოელ მწერალთა და მკვლევართა შეხედულებები გააცნეს, მოსწავლეებმა ისაუბრეს ენის განვითარების თანამედროვე პერსპექტივებზე და წარმოაჩინეს ქართული ენის როლი მსოფლიო კულტურულ ასპარეზზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ენის ისტორიის ამსახველი სლაიდ-შოუ.
მოსწავლეებმა ასევე მშობლიურ ენაზე, საქართველოს ბუნების მშვენიერებასა და სამშობლოს სიყვარულზე დაწერილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები