შერჩეულია 400-ზე მეტი საჯარო სკოლა - ცვლილება 2023 წლიდან იგეგმება
29-11-2022

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ სკოლების ავტორიზაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე შერჩეულია 400-ზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2023 წელს ავტორიზაციას გაივლის.

„მასშტაბური ცვლილებები გვაქვს სკოლებთან დაკავშირებით... კერძო სკოლები ავტორიზებულ რეჟიმში მუშაობენ, მომავალი წლიდან ვიწყებთ საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესს; ამ ეტაპზე დასრულდა თვითშეფასება, ვიცით, ვის აქვს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ვის აქვს გამოწვევები პერსონალის მიმართულებით... 400-ზე მეტი საჯარო სკოლა უკვე შერჩეულია და ისინი 2023 წელს გაივლიან ავტორიზაციას“.

ერაძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რამდენად ობიექტურად შეავსეს სკოლებმა თვითშეფასების კითხვარი და დასძინა, რომ პროცესში ჩართულები იყვნენ გარე მხარდაჭერის სპეციალისტები:

„ობიექტურად შეავსებდნენ თუ არა სკოლები თვითშეფასების კითხვარს - ჩვენ ამ რისკს ვხედავდით თავიდანვე; აქ მუშაობდა ორი მომენტი - სკოლების დარწმუნება, რომ ეს კეთდება მათი მხარდაჭერისა და არა დასჯისთვის; ბოლო ნაკადმა ახლა დაასრულა თვითშეფასება, დარჩა მხოლოდ 1 სკოლა და ისიც დეკემბერში დაასრულებს ამ პროცესს. მიმდინარე წელს გაკეთდა 2071 თვითშეფასება;

თვითშეფასების დასრულების შემდეგ, მივიღეთ სურათი, რომ 400-ზე მეტ სკოლას მაღალი შესაბამისობა აქვს ავტორიზაციის სტანდარტებთან და ისინი მომავალ წელს გაივლიან ავტორიზაციას, პარალელურად ვმუშაობთ სკოლებთან, ვისაც მცირედი დახმარება სჭირდება ავტორიზაციისთვის“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203