მინიმუმ რამდენ დოკუმენტს უნდა მოიცავდეს სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო?
10-12-2022

პედაგოგის პროფესიული საქაღალდე მისი პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხაა. პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელს საშუალება აქვს, წარმოაჩინოს საკუთარი საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები.

რა სახის დოკუმენტაციის ატვირთვა შეუძლია მასწავლებელს პორტფოლიოში? დაშვებულია თუ არა, რომ პედაგოგებმა თავად აარჩიონ პროფესიულ საქაღალდეში შესატანი დოკუმენტები?

ყველა პედაგოგის საქმიანობა განსხვავებულია, შესაბამისად, მასწავლებელმა თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს პროფესიულ საქაღალდეში და რით წარმოაჩენს თავს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. თუ პედაგოგი სტატუსის ამაღლებას გეგმავს, ამ შემთხვევაში პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მოგეხსენებათ, სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს შეფასება კარიერული წინსვლის მთავარი წინაპირობაა. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.

მინიმუმ რამდენ დოკუმენტს უნდა მოიცავდეს სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო?

სამინისტრომ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია შეიმუშავა, სადაც განმარტებულია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგი კომპეტენციას ოთხი მიმართულებით უნდა ადასტურებდეს. ესენია: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი  მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. აქვე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

ამ ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგს შეუძლია, პორტფოლიოში 4 დოკუმენტი ატვირთოს, შესაძლოა ნაკლებიც თუ ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რაც უფრო მეტ სრულყოფილ დოკუმენტს წარადგენს პედაგოგი, შემდეგი სტატუსის მოპოვების უფრო დიდი შანსი ექნება.

იხილეთ ასევე: მიმდინარე სასწავლო წლის გარდა, რომელი წლის აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტებით შეძლებენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას?

კვლევა და პროექტები სტატუსის ასამაღლებელ კომპონენტებად რჩება - რა ევალებათ წამყვანობის მსურველებს?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203