ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოდკასტის ჩემპიონატი ჩატარდა
01-12-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, KIU-ში ახალი პროექტი - „პოდკასტ ჩემპიონატი“ (PODCAST Competition) განხორციელდა.

ჩემპიონატში მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ცხრა სტუდენტი/მომხსენებელი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი ჟიურიმ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასა. პოდკასტ ჩემპიონატს (შემოდგომა 2022)  სამი გამარჯვებული ჰყავს. პირველ ადგილზე ცოტნე ხორიაშვილი გავიდა, მეორე ადგილი ელენე იოსელიანმა დაიკავა, მესამე ადგილი კი ნინო სადუნიშვილს ერგო. პროექტის ყველა მონაწილე რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. მათ მიერ  მომზადებული თემები მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი გახლდათ. როგორც KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე აღნიშნავს, მსგავსი ჩემპიონატების ჩატარებას უნივერსიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, პროექტი ხელს უწყობს სტუდენტთა უნარ-ჩვევების მრავალმხრივ განვითარებას. მისი თქმით, კონკურსი რეგულარულად ჩატარდება მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში განვახორციელეთ ახალი პროექტი - „პოდკასტ ჩემპიონატი“ (PODCAST Competition). პროექტის მიზანია სტუდენტებში ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიცაა: პრეზენტაციის უნარი, ამბის მოყოლის უნარი, საკუთარი აზრის, შეხედულებებისა და მოსაზრებების მიზნობრივ აუდიტორიამდე მიტანისა და გადმოცემის უნარი და სხვა. ჩემპიონატში ჩართულ სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი გამოცდილება, დასკვნები, შეხედულებები სხვა სტუდენტებისთვის წარედგინათ და გაეზიარებინათ, ესაუბრათ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის სკოლა კონკურსის ჩატარებას რეგულარულად, ყოველ სემესტრში გეგმავს, მეტიც, გვსურს, პოდკასტ ჩემპიონატი ქვეყნის მასშტაბით, უნივერსიტეტებს შორის ჩავატაროთ. სტრატეგიულად, სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებისა და პროექტის გრძელვადიანი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტის დაფარვის არეალის გაფართოება მნიშვნელოვანია. მომავალში წლის საუკეთესო პოდკასტერი სტუდენტი შეძლებს უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს პოდკასტის საერთაშორისო კონკურსებში“, - აღნიშნავს KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.
 
პოდკასტ ჩემპიონატის ანალოგები მრავლად არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას, მომხსენებელმა ფართო საზოგადოებას გაუზიაროს პირადი, პროფესიული, ბიზნეს საქმიანობით მიღებული გამოცდილება, დასკვნები და, ამით, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სხვა ადამიანების მისწრაფებებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203