კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებელთა პროფესიულ მხარდაჭერას მოიაზრებს - ჩხენკელი
01-12-2022

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გამოვიდა, რომელმაც  საგანმანათლებლო სისტემაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სკოლებში მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რაც მოიცავს: სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართვას, სასწავლო რესურსების გაუმჯობესებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას, სწავლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მისი ავტონომიურობის ხარისხის ზრდასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

„ჩვენი ინიციატივით, სისტემაში პირველად, ყველა სკოლა ახორციელებს თვითშეფასებას, რაც იძლევა სკოლების მიზნობრივი მხარდაჭერის  საშუალებას. აღნიშნული პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვას, რაც გაზრდის სისტემის შესაძლებლობებს ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესის განსახორციელებლად. ამასთან, ჩატარებული ანალიზის შედეგები სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემური შეფასებისა და სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების მხრიდან შესაბამისი მხარდამჭერი ინტერვენციების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი გახდება“, -განაცხადა ჩხენკელმა.

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა დაექვემდებარება ავტორიზაციას. ამ პროცესის მთავარი მიზანია ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით. განახლებული სტანდარტები ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებებს და მათი სისტემაში დანერგვა ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას და მის სკოლის მხარდამჭერ მექანიზმად ქცევას. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ  განვითარების შესაძლებლობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203