ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მილედი კობალაძის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმის თანამშრომელმა იზო დუმბაძემ უძველესი დამწერლობის წარმოშობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და მოსწავლებს უამბო თუ რა გზა გამოიარა ქართულმა დაწერლობამ დღემდე.
იზო დუმბაძემ მნიშვნელოვანი ფაქტიც აღნიშნა, რომ იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის სადიდებელი ლექსები და დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები