სკოლის საინფორმაციო მენეჯერი შეიძლება იყოს პირი, რომელიც კარგად ფლობს მშობლიურ ენასა და საოფისე პროგრამებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვაკანსიების ვებგვერდზე სკოლების ნაწილი მოითხოვს, რომ საინფორმაციო მენეჯერს ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ნაწილი კი ამას აუცილებლობად არ მიიჩნევს.
სკოლის საინფორმაციო მენეჯერის ვალდებულებებია:
- აღრიცხოს მოსწავლეები (პირველკლასელთა რეგისტრაცია, მოსწავლეთა მობილობა, სტატუსის შეჩერება/აღდგენა და ა.შ) სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge);
- უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) სკოლის მიერ შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოების ელექტრონულად ასახვა;
- უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) მასწავლებელთა მონაცემების შეტანა, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ასახვა, საგაკვეთილო ცხრილების შედგენა და სხვა ოპერაციების შესრულება;
- უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) მოსწავლეთა სარგებლობაში არსებული გრიფირებული სახელმძრვანელოების შეფასების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა;
- უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) სამეურვეო საბჭოს ფორმირების, წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და ახალი წევრის თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
- საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში კონსულტაციების გაწევა;
- უზრუნველყოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოგზავნილი დავალებების შესრულებაში/ელექტრონულად ინფორმაციის შეგროვებაში/ გადაგზავნაში დახმარება;
- დაიცვას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის ცნობილი თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები;
- კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლის დირექტორის დავალებების შესრულება.
საინფორმაციო მენეჯერებს, ზოგ შემთხვევაში, სკოლის ვებგვერდისა და facebook-ის მართვაც უწევთ.
ცნობისთვის, საინფორმაციო მენეჯერს უფლება აქვს, იმავე სკოლაში იმუშაოს მასწავლებლადაც, თუ შესაბამისი კომპეტენცია აქვს დადასტურებული, თუმცა მისი სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.