ახალი წელი ბედნიერების, სიხარულის მომტანია და ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, სასკოლო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებისთვის, სკოლაში ამ დღესასწაულის აღნიშვნა გამორჩეული და დაუვიწყარი იყოს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება. მასწავლებლები და ადმინისტრაცია ცდილობენ, სკოლებში სადღესასწაულო გარემო შექმნან და აქვე ისიც საინტერესოა, როგორ აღინიშნება დამდეგი 2023 წელი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რა სიახლეებს ელიან და რას ისურვებდნენ 2023 წელს ? - ამ კითხვებით, etaloni.ge-მ სკოლების დირექტორებს მიმართა და ისიც შევიტყვეთ, თუ რა გეგმები აქვთ ახალი წლისათვის.
გულნაზ ნინიძე, ქედის მუნიციპალიტეტის უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი:
საახალწლოდ, ჩვენს სკოლაში ღონისძიება იგეგმება, სადაც მოსწავლეები საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებს შემოგვთავაზებენ. სკოლის ადმინისტრაციას გვსურს, დაწყებით საფეხურის მოსწავლეებს ტკბილეული გადასცეს, ხოლო წარჩინებულები დავაჯილდოვოთ. დამდეგი წლისგან კი ველით, რომ სკოლა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და შეგვემატება ლაბორატორია. მოსწავლეების დიდი სურვილია, მოწესრიგდეს სპორტდარბაზები და ვფიქრობ, მხარდაჭერა გვექნება. ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს კი განვითარებასა და წინსვლას ვუსურვებ.
ზაურ სილაგაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მახაშის საჯარო სკოლის დირექტორი:
ფინანსურად საკმარისად უზრუნველყოფილნი არ ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წლიდან, ეს ყოველივე გამოსწორდება. ამის მიუხედავად, ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება და მოზარდებს აუცილებლად გავახარებთ. ზოგადად კი ვისურვებდი, ყველა მოსწავლე მომავალი წლიდან მეტად ჩაერთოს სასკოლო აქტივობებში.
ანტეი ტერსენოვი, წალკის მუნიციპალიტეტის წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მუსიკალური გამოსვლებით წინასაახალწლო პერიოდი ხალისიანად გაატარონ. იმედს ვიტოვებთ, რომ განათლების სამინისტროსგან მივიღებთ უფლებას და სადღესასწაულოდ, მასწავლებლებისთვის პრემიის გამოწერასაც შევძლებთ.
ნატო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი:
მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2023 წელს; წინასაახლწლოდ კი ვგეგმავთ ღონისძიების ჩატარებას, სადაც უამრავი გასართობი იქნება. ვიმედოვნებ, შემდეგი წლიდან სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება - მცირეკონტინგენტიან სკოლაში ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს.
სარხან სუბანოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში, წინასაახალწლოდ, კლასებში მცირე ღონისძიებები იგეგმება, ახალი წელი კი სასწაულებს გვპირდება და მოხარული ვარ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ოცდაექვსი სკოლიდან პირველები ვართ, სადაც რემონტი დაიწყება. დარწმუნებული ვარ, მალე, ჩვენს მოსწავლეებს ბევრად უკეთესი სასწავლო გარემო ექნებათ.
გიორგი რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი:
წინასაახალწლოდ, ჩვენს სკოლაში ტრადიციული ღონისძიება ჩატარდება, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს სიხარულს გაუზიარებენ, 2023 წლიდან კი ვისურვებდი სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იყოს მოწესრიგებული, რადგან ჩვენთვის მთავარია ბავშვებში სწავლის მოტივაციის გაძლიერება, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემოში განვითარება.
იოსებ მეგრელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:
წინასაახალწლო მზადებაში მთლიანი სკოლა ჩართულია და მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას ყველა კლასის მოსწავლე მიიღებს. რა თქმა უნდა, რომ ჩვენთვის მოსწავლე უპირატესია, ამიტომაც, ახალ წელს, იმედს ვიტოვებთ, რომ ახალ ინვენტარსაც შევიძენთ და ჩვენი მოსწავლეებიც კომფორტულ გარემოში მიიღებენ განათლებას.