ტერმინები, რომელიც დაგეხმარებათ  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელოს გაგებაში
08-12-2022
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო მიზნად  ისახავს,  ხელი  შეუწყოს დაინტერესებული მხარეებისთვის მისი   დანიშნულების, მიზნების, სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობას, გაგებასა და მის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენებას. 

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინების აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ეროვნული  კვალიფიკაციების  ჩარჩო
 −  ინსტრუმენტი,  რომელიც  ახდენს  კვალიფიკაციების  სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება,  პროფესიული  განათლება,  უმაღლესი  განათლება, არაფორმალური  განათლება)  ინტეგრირებისა  და  კოორდინირების,  აგრეთვე  კვალიფიკაციის  ხარისხის  გაუმჯობესების, გამჭვირვალობის,  ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

კვალიფიკაცია  −  უფლებამოსილი  დაწესებულების/დაწესებულებების  მიერ  სწავლის  შედეგის  მიღწევის  შეფასებისა  და დადასტურების  ფორმალური  შედეგი,  რომელიც  დასტურდება  სახელმწიფოს  მიერ  აღიარებული  სერტიფიკატით,  უმაღლესი ან  პროფესიული  განათლების  დამადასტურებელი  სახელმწიფო  დოკუმენტით  –  დიპლომით  ან  ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;

სწავლის შედეგი − განაცხადი პირის  მიერ  მისაღწევი  „ცოდნისა და გაცნობიერების“  (სწავლის ან  საქმიანობის  სფეროსთან  დაკავშირებული  ინფორმაციის,  ფაქტების,  პრინციპების,  თეორიების,  თეორიული  და  პრაქტიკული  მეთოდების  ასიმილაციის  შედეგი),  „უნარის“  (კონკრეტული  დავალების  შესრულებისა  და  პრობლემების  გადაჭრისათვის  შესაბამისი  ცოდნის  გამოყენების  შესაძლებლობა)  ან/და  „პასუხისმგებლობისა  და  ავტონომიურობის“  (ღირებულებებითა  და  დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ;

ფორმალური განათლება  −  მთელი  სიცოცხლის  განმავლობაში  სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  „ცოდნისა  და  გაცნობიერების“,  „უნარის“  ან/და „პასუხისმგებლობისა  და  ავტონომიურობის“  შეძენას;

არაფორმალური  განათლება  −  მთელი  სიცოცხლის  განმავლობაში  სწავლის  სისტემის  ნაწილი,  რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“  ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; 

სწავლის  სფეროების  კლასიფიკატორი  −  ინსტრუმენტი,  რომელიც  ახდენს  საქართველოში  არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში  მისანიჭებელ კვალიფიკაციას.  

უმაღლესი  საგანმანათლებლო  პროგრამების    კლასტერი  −  უმაღლესი  საგანმანათლებლო  პროგრამების  აკრედიტაციის პროცესის  მიზნებისთვის  ეროვნული  კვალიფიკაციების  ჩარჩოს  და  სწავლის  სფეროების  კლასიფიკატორის  მიხედვით  კლასიფიცირებული,  შინაარსობრივად  (პროგრამის  შინაარსი,  სწავლის  მიზნები  და  შედეგები)  დაჯგუფებული  საგანმანათლებლო  პროგრამები  (გარდა  ერთობლივი  და  დიპლომირებული  მედიკოსის  ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო  პროგრამებისა.  საგანმანათლებლო  პროგრამების  კლასტერად  დაჯგუფების  წესი  და  პირობები  განისაზღვრება  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  საგანმანათლებლო  პროგრამების  აკრედიტაციის  დებულებით  (შემდგომ  –  აკრედიტაციის  დებულება).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203