მე-12 კლასის აუცილებლობა დღემდე ეჭვქვეშ დგას საზოგადოებაში და მუდმივად მიდის დისკუსია, საჭიროა თუ არა „ამდენი წელი იარონ ბავშვებმა სკოლაში“? - რისთვის შეიქმნა საქართველოში სასკოლო განათლების 12-წლიანი სისტემა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ წლების წინ პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც სკოლაში სწორედ 12-წლიან ს წავლებას ითვალისწინებდა; მიზეზი იყო ის, რომ ევროპის უნივერსიტეტებს ეღიარებინათ ჩვენი ატესტატი.
მას შემდეგ, მუდმივად ისმის კითხვა - რა საჭიროა მე-12 კლასი, მაშინ, როცა მოსწავლეები სკოლაში იშვიათად დადიან და რეპეტიტორებთან მაინც ემზადებიან; აქედან გამომდინარე ისმის კითხვა - სკოლა სათანადო განათლებას ვერ აძლევს ბავშვებს?
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად აბიტურიენტები, რომელთაც etaloni.ge გაესაუბრა.
მაგალითად, აბიტურიენტი ნიკა მიიჩნევს, რომ ამ საფეხურზე ყველაზე საინტერესო მასალას სწავლობს, ოღონდ არა სკოლაში; თუმცა ისურვებდა, რომ სკოლაში უფრო მეტი დრო გაატაროს და კერძო რეპეტიტორთან მომზადებაში დრო არ დაკარგოს: „თითქმის ყველა აბიტურიენტის მიზანია ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუ სკოლა მათ გამოცდის ფორმატს გააცნობდა და იმიტირებულ გამოცდებს ჩაატარებდა“.
ერთ-ერთი აბიტურიენტი იმასაც გვიმხელს, რომ სწორედ მე-12 კლასის თავისუფალი გრაფიკის შედეგია, გარკვეულ საკითხებს მეტად რომ ჩაუღრმავდა: „მეთორმეტე კლასში საშუალება მომეცა, სიღრმისეულად შემესწავლა ის, რასაც თერთმეტი წლის განმავლობაში ვსწავლობდი“, - ასევე აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც შესაძლებელია იმ ყველაფრის სწავლა, რასაც მოსამზადებელ კურსებზე გადის.
სალომე კი პირდაპირ აღიარებს, რომ ორიენტირებულია კერძო მასწავლებელთან მომზადებაზე და სკოლაში მისასვლელად დრო არ რჩება, თუმცა, ამის სურვილი ნამდვილად აქვს - „უფრო შედეგიანი იქნებოდა, თუ ყველა იმ საგანს, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ, სკოლაში გაძლიერებულად ვისწავლიდით“.
კიდევ ერთი აბიტურიენტი გვიმხელს, რომ ისურვებდა, მე-12 კლასი მოსამზადებელი საფეხური იყოს და არჩევითი საგნებიც გაძლიერებულად ისწავლებოდეს, თუმცა, მასაც კერძო მასწავლებლებთან მომზადების გამო, დრო აღარაფრისთვის რჩება: „ზაფხულში ვფიქრობდი, რომ მე-12 კლასში, კლასელებთან ერთად დროის გატარების საშუალება მექნებოდა, რადგანაც, ბოლო რამდენიმე წელი დისტანციური სწავლების გამო, დაგვავიწყდა კიდეც, თუ რას ნიშნავდა სკოლაში სწავლა და ერთმანეთთან ურთიერთობა, თუმცა შევცდი, რადგან მიწევს კერძოდ მომზადება და საკუთარ თავსა და მეგობრებს დროს ვერ ვუთმობ“.