მოსწავლეების ტესტირება ხვალ, 9 დეკემბერს ქართული ენით დაიწყება - „ნაეკმა“ რეგისტრაციის ბმული გამოაქვეყნა
08-12-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. 
 
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. 
 
შესაბამისი განრიგის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები. 
 
  • სისტემაში შესასვლელი პაროლი განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად, საგნების შესაბამისად (განრიგის მიხედვით).
  • მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome („გუგლ ქრომი“) და სამუშაოდ გახსნას მხოლოდ ერთი გვერდი.
  • ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol  ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
  • „პაროლის“ ველში უნდა ჩაიწეროს ვებგვერდზე განთავსებული საგნის ოთხნიშნა სიმბოლო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ღილაკი „დასტური“. დასტურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პირველი დავალება სავარაუდო პასუხებით. 
  • თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა.  
  • თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დასტური“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას. 
  • თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან ამ დროს ემატება დროის სარეზერვო 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის ე. წ. ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე დახარჯული იქნება 2 წუთზე ნაკლები დრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე გამოყენებულია 2 წუთზე მეტი დრო, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე. თუკი ამ დროის განმავლობაში არ იქნება  პასუხი მონიშნული, დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან (გაქრობამდე 12 წამით ადრე პროგრამა მოსწავლეს საგანგებოდ ატყობინებს, რომ დავალებისათვის განკუთვნილი დრო იწურება). დროის ამოწურვის შემდეგ პროგრამა მოსწავლეს სთავაზობს ახალ დავალებას (წინა დავალება ჩაითვლება პასუხგაუცემლად). 
  • დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რაც მიუთითებს ტესტირების დასრულებაზე.
გაითვალისწინეთ, თუ ტესტირებისას გაითიშება კომპიუტერი, ან გაითიშა ელექტროენერგია, ან პასუხის მონიშვნის შემდეგ დასტურის ღილაკზე დაჭერისას პროგრამა არ რეაგირებს და საჭირო გახდა კომპიუტერის გადატვირთვა, პრობლემის მოგვარების შემდეგ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები პროგრამულად დამახსოვრებული იქნება.
 
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დარეგისტრირებულია ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია რამდენიმე საგნის (ორივე/სამივე საგნის) გავლა თანმიმდევრობით. აუცილებელია გამოყენებულ იქნეს საგნის კოდები მიმდევრობით: ჯერ ერთი საგნის კოდი, აღნიშნული საგნის დასრულების შემდეგ, ბმულზე ხელახლა შესვლის შემდეგ, აუცილებელია მეორე საგნის კოდის შეყვანა და ა. შ. 
 
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  
 
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.
 
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.

იხილეთ ასევე:

მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - naec
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203