ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ახლოვდება. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით სკოლებში განსაკუთრებული სამზადისია. მოსწავლეების ჟრიამული და ეიფორია დირექტორებსაც განწყობას უმაღლებს და ისინიც აქტიურად ერთვებიან ჯადოსნური დღესასწაულის დასახვედრად. Etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა კითხვით - როგორ ემზადებიან სკოლებში და რა მოლოდინები აქვთ.
ნანი გორდეზიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ელის ახალი წლის დადგომას. სკოლის თვითმმართველობა ამზადებს სპეციალურ საახალწლო პროგრამას, რომელშიც ჩართულები იქნებიან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც. იმედი გვაქვს, ახალი წელი ბევრ სიახლეს მოუტანს ჩვენს სკოლას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი სურვილია, მოსწავლები იყვნენ მეტად მოტივირებულები და საკუთარი შრომით მეტ წარმატებას მიაღწიონ. იმედი გვაქვს, აშენდება ახალი შენობა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს. მე კი ჩემს სკოლასა და კოლეგებს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას.
იმედა მაკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყოველწლიურად ჩვენს სკოლაში ახალ წელს განსაკუთრებული სიხარულით ვხვდებით, წელსაც, ტრადიციულად, გვექნება საახალწლო ღონისძება და ასე დავემშვიდობებით 2022 წელს. მასშტაბურ ღონისძიებას მოსწავლეების სიმცირის გამო ვერ ვგეგმავთ, ახალი წლიდან კი გვაქვს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მცირეკონტიგენტიან სკოლას. მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა არის ჩემი სურვილი. მინდა, ბავშვები იყვნენ წარმატებულები, მონდომებულები. მასწავლებლებს კი ვუსურვებ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
რომან კონცელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალი წელი ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება... უკვე მოვრთეთ ნაძვის ~ხე, გვექნება საახალწლო ღონისძიება და გვეყოლება თოვლის ბაბუ, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს მოუტანს და მათ გულებს გაახარებს. მოლოდინი მაქვს, რომ ახალ 2023 წელს მეტი მოსწავლე იქნება ჩვენს სკოლაში - მნიშვნელოვანია, გვყავდეს მეტი ნიჭიერი, მონდომებული მოზარდი, ამიტომ ვისურვებდი, რომ უფრო წიგნიერები, უფრო მოტივირებულები ყოფილიყვნენ მომავალ წელს და ჩვენი პატარა სკოლა ესახელებინოთ თავიანთი წარმატებებით.
ნინო შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კოხის საჯარო სკოლის დირექტორი:
პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, ჩვენს სკოლაში წელს პირველად ტარდება საახალწლო ღონისძიება, რაც ძალიან მახარებს... ვგეგმავთ, ერთად ვიზეიმოთ ახალი წლის დადგომა. ჩვენი სკოლა გასარემონტებელია და ამიტომ დიდი იმედებით ველოდებით ახალ 2023 წელს და გვჯერა, მოსწავლეები ახალ წელს ახალ გარემოში იქნებიან.
გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში უკვე წინასაახაწლო ჟრიამულია, მოირთო ნაძვის ხე, მოსწავლეები წარმოადგენენ საახალწლო ღონისძიებას და ჩვენც აუცილებლად დავასაჩუქრებთ მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი წელი ახალ გამოწვევებს მოიტანს, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დავძლევთ. მე ჩემს სკოლასა და კოლეგებს ვუსურვებ მეტ წარმატებას, მეტ ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეს და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიან სასწავლო გარემოს.
ლალი სოხაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა ყოველწლიურად განსაკუთრებულად ემზადება ახალი წლის დასახვედრად, ამჯერად კი მოსწავლეებმა მეტად იყოჩაღეს: მოეწყობა მათი ნახატების გამოფენა, წაიკითხავენ ლექსებს, იმღერებენ, იცეკვებენ, წარმოადგენენ სპექტაკლს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცავენ ახალ წელს. ჩვენც ტრადიციულად გადავცემთ მათ საჩუქრებს. დირექტორს ყოველთვის უნდა, მისი სკოლა იყოს მოწინავე, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული წინსვლისთვის ჩატარდება ტრენინგები, განათლების სისტემაში იქნება სიახლეები და აქტიურად ჩავერთვებით ჩვენც ამ პროცესში. კოლეგებს ვუსურვებ მოსწავლეების სიმრავლესდა გვეამაყოს ბავშვების წარმატებული ნაბიჯებით.
ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალ წელს ჩვენი სკოლის პატარები დიდი სიხარულით ელიან. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მოაწყობენ საახალწლო ღონისძიებას და ლექსებითა და სიმღერებით დაემშვიდობებიან ძველ წელს. 2023 წელს კი განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს, რადგან კაპიტალურად უნდა შეკეთდეს სკოლის შენობა, რაც თავისთავად მეტ შესაძლებლობასა და სტიმულს მისცემს მოსწავლეებს. ჩემს სკოლასა და ჩემს მასწავლებლებს ვუსურვებდი, წარმატებული ყოფილიყოს ახალი წელი როგორც სწავლაში, ასევე სპორტში. მასწავლებლებს ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეტ წიგნიერ მოსწავლეს.
ნუგზარ ხასაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მუჟავას თემის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალი წლის შესახვედრად სამზადისი უკვე დავიწყეთ, ბავშვები საახალწლო პროგრამას წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას, 2023 წლიდან კი, იმედი გვაქვს, მოსწავლეების რაოდენობა გაიზრდება. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი სკოლის ბავშვები, სწავლით, სხა სკოლის მოსწავლეებისთვის სამაგალითოები იქნებიან. ყველა დირექტორისთვის სასიამოვნოა პროფესიონალებთან ერთად ერთ სივრცეში მუშაობა, ამიტომ ჩემს სკოლასა და ჩემს კოლეგებს ვუსურვებდი, პროფესიულ განვითარებას.