სკოლიდან გათავისუფლებულ დირექტორს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან
08-12-2022

რუსთავის N20 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან; საქმე ეხება ამავე სკოლის პედაგოგის მიერ მოსწავლეების მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას, რის გამოც ამ მასწავლებელს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ახლა კი ირკვევა, რომ სკოლის უკვე ყოფილ დირექტორს, ირმა იჩქიტიძესაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვს წაყენებული. ფაქტს იჩქიტიძე სოციალური ქსელით ეხმაურება;  ფეისბუქ-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავზე არასოდეს შემეძლო წერა, მით უფრო ახლა, ახლა, როცა ბოლოდროინდელი მოვლენებით ყველა აგაფორიაქეთ.  მადლობა თითოეული ზარისთვის, მესიჯისთვის, კომენტარისთვის, ყურადღებისთვის, სითბოსთვის...

არ დავწერდი, მაგრამ ვფიქრობ, იმსახურებთ ინფორმირებას.

დიახ, დღეს ბრალდებული ვარ. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მე-20 საჯარო სკოლის პედაგოგი ქართლოს სამარგულიანი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა იმ დანაშაულისათვის, რომელიც ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ, არ ჩაუდენია. 

და მე ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას მედავებიან. 

ცნობისთვის: წინასასამართლო სხდომაზე პროფესიონალმა და კვალიფიციურმა მოსამართლე მადონა მაისურაძემ (დიდი მადლობა მას საქმის გულისხმიერად შესწავლისათვის), გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება და შეწყვიტა ჩემ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა აპელაციის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების შემდეგ ამჟამად  ჩემს საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა.  ვიმედოვნებ, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილიც ანალოგიურად კომპეტენტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამამართლებს წარდგენილ ბრალდებაში. 

აქვე იმედს ვიტოვებ, რომ  სააპელაციო სასამართლო რაციონალურად, გულისხმიერად, სამართლიანად განიხილავს და უდანაშაულოდ ცნობს ქართლოს სამარგულიანსაც, რომლის  მსჯავრდება უდიდესი უსამართლობაა და ამ ცოდვით ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა იაროს.

ნუ ჩათვლით ჩემს დუმილს სისუსტედ, ვინც მიცნობთ იცით სიმართლისათვის, ადამიანობისთვის, ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ, წლებია ამ შეგნებით ვცხოვრობ, ამას  ვასწავლიდი და სიტყვის ნაცვლად საქმით ვმსახურებდი დღემდე. იმედია, სიმართლე გაიმარჯვებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203