მოსახლეობა სწავლისთვის 0,3 საათს ხარჯავს დღე-ღამეში, ხოლო 11,7 საათს - საკუთარ თავზე ზრუნვაში
09-12-2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, ხოლო სწავლაში  - 0,3 საათს.

„საქართველოს
მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება“, აღნიშნულია კვლევაში. 

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.1 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე, 1.4 საათს - სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე, 0.9 საათს - საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე, 0.6 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე, 0.3 საათს - სწავლაზე, ხოლო 0.1 საათს - სტაჟირებაზე,
მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.

გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203