საახალწლო ლექსები ბავშვებისთვის
11-12-2022

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებსა და ბაღებში საახალწლო აქტივობებისთვის მზადება იწყება.  შესაბამისად გთავაზობთ, ქართველი პოეტების საახალწლო ლექსებს, რომელთა ცოდნაც ბავშებს გამოადგებათ:

ახალი წელია
(ხათუნა გულიაშვილი)

ახალი წელია, ავავსოთ თასები,
დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია.
რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები
იმედის მომტანი ახალი წელია!
დავლოცოთ ქართული ლექსი და სიმღერა,
დავლოცოთ ქართული ჯიში და გენია.
ჩემო ერთდერთო, ჩემო საქართველო
გილოცავ, გილოცავ ახალი წელია!

მთელი წელი ველოდები
(ნინო სტურუა)

მთელი წელი ველოდები
თეთრწვერება თოვლის პაპას,
მოვა, გახსნის თავის ხურჯინს,
გაგვახარებს დიდს, პატარას.
საჩუქრებს რომ დაგვირიგებს
მოგვიყვება კეთილ ზღაპარს,
დაგვილოცავს ახალ წელს და
ჭირს და ქატოს ძველს გაატანს.

ახალი წელი
(ლაურა ჭანტურია)

ახალი წლის ღამეა,
ცვივა თოვლის ფანტელი,
ქარმა დაატრიალა
თეთრი კორიანტელი.

ნეტავ რას აკვირდება
ცისფერთვალა ხატია?
ყინვას თურმე სარკმელი
კოხტად მოუხატია.

ნაძვის ხესთან ბავშვები
ცეკვავენ და მღერიან.
თითქოს ჭერიც იცინის,
ყველა ბედნიერია.

ზარის ხმაზე კარს აღებს
პაწაწინა ცაბუა
და ოთახში შემოდის
თოვლის თეთრი ბაბუა.

ის გზად არ შეუშინდა
ქარს და ყინვის მარწუხებს.
ახლა ხურჯინს გახსნის და
დაარიგებს საჩუქრებს.

ნაძვის ხის სიმღერა
(ნოდარ დუმბაძე)

მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!

ახალი წელი
(ცირა ქიტიაშვილი)

თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!

თოვლის ბაბუა
(მორის ფოცხიშვილი)

გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203