ქცევის გამო შესაძლოა თუ არა მოსწავლეს ქულა მოემატოს ან დააკლდეს ? - როგორ ფასდება დისციპლინა სკოლებში
13-12-2022

„სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით“, - ასეთია კანონი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებში დისციპლინას ყურადღება არ უნდა მიექცეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია, მასწავლებელმა მოსწავლეს ქულა ქცევის გამო დაუწეროს. დაუშვებელია როგორც დისციპლინის გამო ქულის დაკლება, ასევე კარგი ქცევისთვის გადამეტებული შეფასება. პედაგოგი ვალდებულია, ობიექტურად შეაფასოს თითოეული მოსწავლის ცოდნა და განმსაზღვრელი შეფასებაც აქედან გამომდინარე დაწეროს.

მოსწავლის დისციპლინა და მისი ცოდნის დონის შეფასება ერთმანეთზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. უფრო მეტიც, სკოლაში მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.

მოსწავლის ქცევა და ცოდნა სხვადასხვა საკითხია, ქცევაში ნიშანი არ იწერება, თუმცა დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში სკოლას სხვადასხვა ზომის მიღება შეუძლია.

მოსწავლეს, რომელიც სკოლის შინაგანაწესს დაარღვევს, სახდელის სახით შეიძლება დაეკისროს: გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203