ახალი წელი ყველასთვის სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვართ, რა ადგილს ვიკავებთ საზოგადოებაში, მთავარია გულით გვჯეროდეს, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები მართლაც ხდება. საინტერესოა, სჯერათ თუ არა თოვლის ბაბუს არსებობის დირექტორებს და აქვთ თუ არა ოცნებები, რომელთა შესრულებასაც მისგან ელიან. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად, Etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, თოვლის ბაბუისგან, დღემდე სიხარულითა და მოუთმენლობით ელოდებიან სანუკვარი ოცნებების ასრულებას.
მაგული სივსივაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
თოვლის ბაბუასთან გამორჩეული თხოვნა არ მაქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ 2023 წლისთვის ჩემი სკოლის მოსწავლეებს ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოთ. ძალიან მინდა, ჩვენი პედაგოგები წარმატებულები იყვნენ და მრავალი, საინტერესო პროექტი განახორციელონ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონში სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის, თუმცა ვისურვებდი გაუმჯობესებულიყოს, რადგან მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. თოვლის ბაბუსთან ასევე, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს, დაე, მთელ მსოფლიოში მშვიდობას დაესადგურებინოს.
ლალი წულაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაობები, რადგან მე-2 სართული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ თოვლის ბაბუსთან ნამდვილად მაქვს თხოვნა, მინდა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც მოიაზრება: სკოლის ეზოს და ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ასევე სპორტდარბაზის აშენება. ასევე ძალიან მინდა, სკოლაში გვქონდეს დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის აუცილებელია. მთავარი სურვილი კი არის მსოფლიოში მშვიდობა და მომავალი თაობის კეთილდღეობა.
ნუკრი ბერიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი:
თოვლის ბაბუს მინდა ვთხოვო, ჩვენი სკოლის მოსწავლეების კეთილდღეობა. ვისურვებდი, რომ 2023 წელი მათთვის წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს. ჩემი პირადი სურვილი ყველასთვის ხელფასების მომატებაა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, კი რა თქმა უნდა - მშვიდობა მსოფლიოში.
რამინი ხინიკაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:
თოვლის ბაბუსთან პირადი თხოვნა არ მაქვს, თუმცა სკოლასთან დაკავშირებით ვისურვებდი, ხარისხიან განათლებას, ავტორიზაციის წარმატებით გავლას, ბევრ წარმატებას, ასევე, რაც მთავარია, თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:
მთელი ცხოვრება ვოცნებობ ახალ, თანამედროვე სკოლაზე. თოვლის ბაბუს სწორედ ამ ნატვრის ახდენას ვთხოვ. ასევე ძალიან მინდა, ჩვენმა მოსწავლეებმა ბევრი წარმატება მოიპოვონ და ღირსეული მომავალი ჰქონდეთ.