თოვლის ბაბუის დირექტორებსაც „სჯერათ“ - სკოლის ხელმძღვანელების საახალწლო სურვილები
ახალი წელი სურვილების ასრულებისა და საუკეთესო მოლოდინების დღესასწაულია, რომელსაც მოუთმენლად ელის ყველა. etaloni.ge-მ გადაწყვიტა, სკოლის დირექტორებისთვის მიემართა კითხვით - რას თხოვდით თოვლის ბაბუას? - მათ გულახდილად გაგვიზიარეს თავისი სურვილები და იმედოვნებენ, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მართლაც ახდება ოცნებები.ინეზა ციხიშვილი - თიანეთის მუნიციპალიტეტის, ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვისურვებდი იყოს მშვიდობა, სიყვარული და ურთიერთგაგება. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მსურს, ჩემი მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ უფრო მეტი მოტივაცია და გააუმჯობესონ აკადემიური მოსწრება.
ლონგილოზ თოდუა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:სამწუხაროდ ჩვენი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, გამომდინარე აქედან, თოვლის ბაბუას „ვთხოვდი“, ახალი სკოლის მშენებლობას და დიდი იმედი გვაქვს მომავალი წლისთვის ეს სურვილი აგვიხდება.
ქეთევან ჩოქური - თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი:სრულიად საქართველოს ვუსურვებდი მშვიდობას და ჯანმრთელობას, სასკოლო საზოგადობას კი, წინსვლასა და წარმატებას. ჩემს ერთ სურვილს, რაც შეეხება, ჩვენი სკოლისთვის თოვლის ბაბუას ვთხოვდი განათების დამატებას.
მაკა ჯინჭარაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი:როგორც სკოლის დირექტორი, ვისურვებდი, სკოლაში გვქონდეს სასიამოვნო სასწავლო გარემო, იყოს მოწესრიგებული მატერიალური და ტექნიკური ბაზები, რაც მთავარია, გვქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო მოსწავლეებისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ეკონომიკურად კარგი მდგომარეობა, რათა ბავშვის ერთადერთ საზრუნავს განათლება წარმოადგენდეს.