ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც შეეხო სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლას.
უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვლებიან პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად.
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
გარდა ამისა, პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.
პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.