ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია, ამ დღეს ყველას გვინდა გვჯეროდეს, თოვლის ბაბუის არსებობის, რომელიც ერთი წერილით აგვისრულებს ჩვენს საოცნებო სურვილებს. etaloni.ge-მ სკოლის დირექტორებს მიმართა კითხვით - რას მიწერდით თოვლის ბაბუას?
ვიოლა აკობიძე, ხონის მუნიციპალიტეტის, ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემს თოვლის ბაბუას, სკოლისთვის ვთხოვდი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჩვენს სკოლას ეს ისე სჭირდება, როგორც ადამიანს - არსებობისთვის წყალი. ჩვენს სკოლაში ძალიან ხშირად იგეგმება მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის სპორტული ხასიათის აქტივობები, ამიტომ ძალიან მინდა გაკეთდეს სპორტული დარბაზი.
ლუდმილა ლექვინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის საჯარო სკოლა:
ვისურვებდი, განადგურდეს ეს საშინელი ვირუსები, რომ ბავშვებმა არ იავადმყოფონ და არ ჩამორჩნენ საგაკვეთილო პროცესს. თოვლის ბაბუას კი ვთხოვდი, რომ ჩვენს სკოლაში შეიქმნას სასადილო სივრცე.
მარინა ფხაკაძე,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღკლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთითა და სინათლით აღსავსე დღეებს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი ვუსურვებდი წარმატებებს, პროფესიული და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.
თოვლის ბაბუას მივწერდი, რომ იქნებ მოგვიწესრიგოს სკოლის ინფრასტრუქტურა, რადგან ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება.
მურად ჯიშკარიანი, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
თოვლის ბაბუას შევეხვეწებოდი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ახალი კორპუსი აგვიშენოს.
ფაქიზო ფანჩულიძე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვისურვებდი, რომ ადამიანებმა ვისწავლოთ ერთმანეთის გაფრთხილება, ამ ბოლოს ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგეთ და პირველ რიგში აუცილებელია, ვიყოთ ჯანმრთელად!
ჩემს სასკოლო საზოგადოებას ვუსურვებ, მომავალ წელს პროფესიული ზრდითა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სურვილით გააგრძელონ თავისი საქმიანობა და ერთობლივი ძალებით ბევრ წარმატებულ შედეგს მივაღწიოთ.
ჩვენი წარმატებული მუშაობის დამსახურებით, მომავალი წლიდან, სკოლის ორი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება. მინდა მალე დასრულდეს სარემონტო სამუშაოები და განახლებულ გარემოში გავაგრძელოთ მოღვაწეობა. აღსანიშნავია რომ გარემო პირობები ბავშვებისა და პედაგოგების მოტივაციის გაზრდაზე ძალიან მოქმედებს.