ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია; იმავდროულად, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებისთვის აქტუალურია საკითხი, მიიღებენ თუ არა წინასაახალწლოდ ფინანსურ წახალისებას?
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, დაერიცხებათ თუ არა პრემია სკოლებისა და ბაღების პერსონალს, რისთვისაც განათლების სამინისტროს, ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.
პედაგოგებთან დაკავშირებით, სამინისტროში განაცხადეს, რომ პრემირების საკითხს სკოლა, უფრო სწორად დირექტორი წყვეტს და თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ჩათვლის საჭიროდ თანამშრომელთა წახალისებას, გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსები, თანხა სკოლის ბიუჯეტიდან შეუძლია გამოყოს.
რაც შეეხება თბილისის ბაღების პერსონალს, სააგენტოს განმარტებით, ჯერჯერობით აღნიშნული საკითხი კითხვისნიშნის ქვეშაა და ის თბილისის ბიუჯეტით რეგულირდება. შესაბამისი ბრძანება ამჟამად არ არსებობს, გადაწყვეტილება ბაღების თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვაზე, დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
რეგიონების ბაღების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არეგულირებენ და დანამატის შესახებ გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ, შესაბამისად, ერთიანი დოკუმენტი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალისთვის დანამტისა თუ პრემიის გაცემაზე, არ არსებობს.