გურჯაანის საჯარო სკოლებში ჩუტყვავილა გავრცელდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ სკოლებმა და ბაღებმა, ასევე რა წესები უნდა დაიცვან ასეთ დროს მშობლებმა? აქტუალურ კითხვებს ეკა ბურდიაშვილი, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი პასუხობს.
„ესაა ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადება და მისი სიმპტომებია საერთო სისუსტე, ცხელება, გამონაყარი, უხასიათობა, თავისტკივილი... რაც შეეხება საინკუბაციო პერიოდს, საშუალოდ 14 დღე გრძელდება, თუმცა გადამდებლობა ახასიათებს გამონაყარის გაჩენამდე 48 საათით ადრე. ზოგადად კი, 21-ე დღემდე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი შესაძლოა იყოს გადამდები“, - აცხადებს ბურდიაშვილი და დასძენს, რომ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჩუტყვავილის ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ამ პერიოდში იმატებს.რაც შეეხება რეკომენდაციას, ერთეული შემთხვევების დროს, კლასი თუ ჯგუფი ხშირად უნდა განიავდეს და დალაგდეს სველი წესით.