თითქმის ორი ათეული წელია „ეტალონი“ ყველაზე მზრუნველ პროექტთან - izrune.ge-სთან ერთად, დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; ასიათასობით გულშემატკივარი და თანამოაზრე, პროექტის ავტორის მხარდამხარ, აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლებაში და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ ყველაფერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რადგან თითოეულ მათგანი იზიარებს „ეტალონის“ სლოგანს - „ძალა თაობებშია“.
ახლახან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და შემეცნებით-ინტელექტუალურ კონკურს „ეტალონის“ გუნდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ დამფუძნებელმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდების გამოვლენასა და განათლების წახალისებას.
გოჩა ტყეშელაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულთან, მის მოადგილეებთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან შეხვედრა გამართა და ახალი საგანმანათლებლო პროექტები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ეტალონის“ ავტორმა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერისთვის რეგიონის, მუნიციპალიტეტების და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა.