შეზღუდულია თუ არა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დრო - დეტალები 
16-01-2023

კომპლექსური დავალება თემების მიხედვით განისაზღვრება. ის არ არის ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც ერთ დღეს დაავალებს მასწავლებელი მოსწავლეს და მეორე დღეს შესრულებული უნდა ჰქონდეს. კომპლექსური დავალება განსხვავებული ტიპისაა, ის მრავალი კომპონენტისგან შედგება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრ სხვადასხვა უნარს ამოწმებს.

მოსწავლემ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს კარგად უნდა გაიაზროს ის თემა, რომელსაც დავალება მოიაზრებს.

კომპლექსური დავალებები ახალი დანერგილია და კითხვებს იწვევს როგორც მოსწავლეებსა და მშობლებში, ასევე თავად მასწავლებლებში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთმა პედაგოგმა მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე ერთი კვირის განმავლობაში ამუშავა, ზოგმა - ორის, ზოგიერთმა კი ერთი თვეც დაუთმო, ჩნდება კითხვა - რამდენი გაკვეთილის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ მოსწავლეები ერთ კომპლექსურ დავალებაზე რომ განსახილველი თემა კარგად გაიაზრონ?

სასწავლო თემები საგნების მიხედვით განსხვავებულია. კომპლექსური დავალების ამოცანა თემის ფარგლებში დასახული მიზნის მიღწევაა. რომელ მასწავლებელს რამდენი გაკვეთილი დასჭირდება მიზნების მისაღწევად, ეს ინდივიდუალურია. შესაბამისად, არ არის დადგენილი დრო, თუ რამდენი გაკვეთილი უნდა დაუთმოს პედაგოგმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობას. მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ თემის გააზრებას, ასევე მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვა, რათა დრო სწორად გადანაწილდეს.

ცნობისთვის, კომპლექსური დავალებები მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით უნდა შემუშავდეს. მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება თემების მიხედვით. ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მოსწავლემ თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203