ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა, რომლის სამიზნე ჯგუფია სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი ქვემოთ ჩამოთვლილი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არიან სოციალური საფრთხის წინაშე და დაუდგათ მწვავე კრიზისული მდგომარეობა.
უფრო კონკრეტულად: ა) მიტოვების რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახები; ბ) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ ბავშვი/ბავშვები; გ) ობოლი ბავშვები; დ) ის ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შშმ მშობლები; ე) ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი/ჰყავთ ძალადობის მსხვერპლი მშობელი; ვ) ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ზ) უკიდურესად ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 30000-ს ქვემოთაა; თ) სხვა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახები.
წლის განმავლობაში დახმარების ოდენობა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე განისაზღვრება ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) ერთბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 700 ლარი;
ბ) ორბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1200 ლარი;
გ) სამბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1500 ლარი;
დ) ოთხ და მეტ ბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 2000 ლარი.
სავალდებულოა პროგრამის ბენეფიციარი ბავშვიანი ოჯახი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში რეგისტრირებული იყოს და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში. გამონაკლის შემთხვევაში პროგრამით ისარგებლებენ ის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.