სკოლებმა რესურსცენტრებისგან წერილი მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო და საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს.
ტრენინგები ქართული და არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი.
სკოლებს დანართების სახით უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სარეგისტრაციო ფორმები და მოდულების ჩამონათვალი გაეგზავნათ. დოკუმენტში ტრენინგმოდულების ანოტაციაცაა მოცემული.
სარეგისტრაციო ფორმებში უნდა აისახოს ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებლების პირადი ინფორმაცია და სასურველი ტრენინგი/ები, საგანი/მიმართულება, სტატუსის მიხედვით განსაზღვრული საკონტაქტო საათების შესაბამისად: უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი.
„შეგახსენებთ, რომ სტატუსისა და საფეხურის მიხედვით, მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის განსაზღვრული საათობრივი ოდენობის მოდული/მოდულები სტატუსის შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმიდან.
საგნობრივი ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებელი აუცილებელია ასწავლიდეს მოდულით გათვალისწინებული სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილ საგანს შესაბამის საფეხურზე და არ უნდა ჰქონდეს გავლილი იგივე მოდული ცენტრის ეგიდით.
გამჭოლი მიმართულების ტრენინგმოდულის არჩევის შესაძლებლობა აქვს ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებელს.
უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული) მასწავლებლებს, შეუძლიათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული საგნობრივი ტრენინგმოდულები.
არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული“, - წერია ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების მიერ შევსებული და რესურსცენტრის მიერ გაერთიანებული დანართები eFlow-ს საშუალებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის სახელზე უნდა გაიგზავნოს.
სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს 2023 წლის თებერვლიდან ჩაატარებს. ტრენინგების უმრავლესობა ონლაინ, Teams-პლატფორმაზე ჩატარდება, რამდენიმე მოდულზე კი პედაგოგებს პირისპირ სწავლების არჩევის საშუალება აქვთ.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმები სტატუსის მიხედვით:
უფროსი მასწავლებლის ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა